კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი განახლდა

6 ივლისი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი განახლდა. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ადვოკატებმა პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და ციხეში არსებულ პირობებზე ისაუბრეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ვლადიმერ ვახანიას დაკავება ხელისუფლების დაკვეთაა, იგი პოლიტპატიმარია და მისი დაცვა უსამართლო სასამართლოს პირობებში ძალიან რთულია.

ერთი წელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისათვის და სამი - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის - ასეთია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი, რომელიც აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 10 სექტემბერს მიუსაჯა. ვახანია სამართალდამცავებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 2009 წლის 17 მარტს დააკავეს.

„ეს ადამიანი ჯანმრთელობის მხრივ აშკარად ცუდადაა. აქამდე იგი ოთხკაციან საკანში, აუტანელ პირობებში ჰყავდათ. ახლა მარტო ზის კამერაში და ექსპერტიზაზე უარს გვეუბნებიან, რომ გავარკვიოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პატიმარი ბოლო დროს ნაკლებად შემოდის კონტაქტში, რაც ბადებს ეჭვს, რომ რაღაც პრეპარატს უკეთებენ  და ზემოქმედების ქვეს ჰყავთ. ამ ეჭვს იცის ამძაფრებს, რომ ახლა ცალკე საკანში ჰყავთ გადაყვანილი და გადაყვანის შემდეგ სასამართლო სხდომაც ჭიანურდება. ბოლოსდაბოლოს, ხომ შეიძლება გაირკვეს სიმართლე და ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, გათავისუფლდეს,“ - აცხადებს ვლადიმერ ვახანიას ადვიკატი ლალი გელაშვილი.

გელაშვილის გარდა პატიმრის უფლებებს 5 ადვოკატი იცავს (ლალი აფციაური, გია ებრალიძე, ნუგზარ კვარაცხელია, ჯემალ შელია, კახა ლომაია). 9 თვის მანძილზე, ორი ინსტანციის სასამართლოში ჩატარებული 5 სასამართლო პროცესის მიუხედავად, გასულ კვირას ადვოკატებს პირველად მიეცათ საშუალება ვახანიას უფლებები საკამათო სიტყვის საშუალებით დაეცვათ.

 „ჩვენ ვიცავთ სრულიად უდანაშაულო ადამიანის უფლებებს, თუმცა, ამის გაკეთება ასეთი სასამართლოს პირობებში ძალიან რთულია. ყველა ის მტკიცებულება, რითაც ეს საქმეა გაჯერებული, უსაფუძვლოა. ეს ის საქმეა, რომელსაც სინდისიერი, თავისუფალი, პროფესიონალური მიდგომა ჭირდება და არა ისეთი, როგორიც სახეზეა. სხვანაირად ვერც იქნება, რადგან ეს პოლიტიკური დაკვეთაა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მეტი რა ვთქვა, ორი ინსტანციის სასამართლოს პირობებში დღეს პირველად მომეცა საკამათო სიტყვის თქმის უფლება. ამიტომ ამ კაცის დაცვა ასეთ პირობებში ძალიან ძნელია“, - ამბობს გელაშვილი.

ადვოკატები აცხადებენ, რომ აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია პოლიტპატიმარია და სასამართლო გამოძიებაც მხოლოდ მის დისკრედიტაციას ემსახურება. ხელისუფლების სურვილი მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოცილება იყო, რასაც სასამართლოს დახმარებით თავი ჩინებულად გაართვა და ამით საზოგადოების თვალში ვახანია სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა.

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სახლში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი ავტომატი და სხვა საბრძოლო იარაღი (ხელყუმბარები) აღმოაჩინეს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ადგილობრივი გაზეთისთვის 2009 წლის 19 თებერვალს მიცემული ინტერვიუ, რომელშიც შემდგომში  მისი მხრიდან ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის  ბრალდების მოტივი გახდა. მანამდე კი, იყო პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების მცდელობა, რასაც ხელისუფლების მხრიდან ჯერ სერიოზული წინააღმდეგობები, საბოლოოდ კი, მისი დაპატიმრება მოჰყვა.

„ის, რაც ვლადიმერ ვახანიას სახლში, მისი დაპატიმრების დღეს  სამართალდამცავებმა განახორციელეს, ყაჩაღობა იყო და არა ჩხრეკა. ეს იყო ვანდალური ფაქტი. მათ დაჭრეს ავეჯი, ჩამოხიეს შპალერი, მოიპარეს ნივთები (კოვზები) და ა. შ. დღემდე უკანონოდ არიან დაპატიმრებული მისი მეზობლები, რომლებმაც ვახანიას საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მისცეს“, - აცხადებს ადვოკატი ნუგზარ კვარაცხელია.

ვახანიას საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი, მურთაზ კაპანაძე) განიხილავს.

დაცვის მხარე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვს. ადვოკატთა განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტები ვახანიას დადანაშაულებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი არაა.

„გამოძიება დაწყების დღიდან უკანონოდ მიმდინარეობს. სამართლიანი სასამართლოს პრინციპი პირველი ინსტანციის სასამართლოშივე დაირღვა. ეს არის  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადამიანის უფლებათა კონვენციის იგნორირება. საქმე გვაქვს პოლიტიკურ დაკვეთასთან, რომელსაც სასამართლო არაჩვეულებრივად ასრულებს,“ - აცხადებენ ადვოკატები.

მათი მოთხოვნა, გაუქმებულიყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა.

ნანა კაკაბაძე, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“: „საშინელი შეგრძნებაა, როცა ზიხარ სასამართლო დარბაზში, გქვია უფლებადამცველი და ზუსტად იცი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, რომელსაც შეუძლია უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის დაცვა. სინდისის ქეჯნის განცდაა, როცა ფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ციხეები ასეთი ადამიანებითაა სავსე. ამ დროს ჩვენ, უფლებადამცველები მხოლოდ სტატისტიკით ვლაპარაკობთ. არავითარი დაცვის მექანიზმი ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არსებობს...“

ახალი ამბები