კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაგისტრალურ გაზსადენს და ენგურჰესს ერთი პრინციპით გაასხვისებენ

7 ივლისი, 2010
ლელა კობერიძე, ბიზნეს-პრესა.გე

მაგისტრალური გაზსადენი არ გაიყიდება, მაგრამ მისი რუსეთთან ერთობლივი მართვა შესაძლებელია, ისევე როგორც - ენგურჰესის. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მკაცრი ტონით საზოგადეობის დარწმუნებას შეეცადა, რომ გაზსადენი არ გაიყიდებოდა. თუმცა მინისტრმა იქვე დაუმატა, რომ მისი ერთობლივი მართვა კერძო კომპანიასთან შესაძლებელი იყო. სწორედ ერთობლივ მართვაზე მიდიოდა მოლაპარაკებები წლების განმავლობაში რუსეთან ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის ხელშეწყობით.

ასე რომ, რუსეთი „ენგურჰესისა“ და მაგისტრალური გაზსადენის დაუფლების შემდეგ, საქართველოში ენერგეტიკული სექტორის საკონტროლო პაკეტს გააკონტროლებს.

საყურადღებოა, რომ „ენგურჰესზე“ მოლაპარაკებები ისევ ძალაშია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრო რუსეთიდან „ენგურჰესის“ ერთობლივი მართვის სახელშეკრულებო პირობებს ელოდება.

ექსპერტების განცხადებით, ამ უდიდესი ელექტროსადგურის რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ენერგეტიკის საკონტროლო პაკეტს უკვე კრემლი გააკონტროლებს. როდესაც, ენერგეტიკაში რუსეთის დიდი წილის არსებობაზე მიდის საუბარი, ხელისუფლებაში გაოცებას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ ექსპერტების ნაწილი ამ თემით საზოგადოების პროვოცირებას ახდენენ, სინამდვილეში ქართულ ენერგეტიკაში რუსეთის წილი უმნიშვნელოა.

რუსეთის სახელმწიფო კომპანიის „ინტერ რაოს“ მფლობელობაშია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“, მე-9 და მე-10 ენერგობლოკები, ასევე „ხრამი-1“ და „ხრამი-2“-ის ჰიდროელექტროსადგურები. მაღალი ძაბვის სატრანზიტო ქსელებს ასევე რუსული კომპანია „საქრუსენერგო“ აკონტროლებს, რუსების მფლობელობაშია „ენერჯი ინვესტის“ გაზოტურბინაც.

რაც შეეხება „ყაზტრანსგაზს“, იგი „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის აქციების დიდი წილის მფლობელი რუსული „გაზპრომია“. საქართველოს 9 რაიონს გაზით რუსული კომპანია „იტერა“ ამარაგებს. ამ წილებს, როგორც ჩანს, მალე „ენგურჰესი“ და მაგისტრალური გაზსადენიც დაემატება და პუტინს თავისუფლად შეუძლია განაცხადოს, რომ კავკასიის რეგიონის დაუფლების მისია შესრულებულია.

ექსპერტების განცხადებით, „თელასისა“ და სხვა ენერგოკომპანიების მფლობელ „ინტერ რაოს“, რომელიც ახლა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხელშეწყობით „ენგურჰესის“ დასაკუთრებასაც ცდილობს, პირდაპირ კრემლი აკონტროლებს.

გარდა იმისა, რომ იგი „რაო ეესის“ შვილობილი კომპანია იყო, მისი ხელმძღვანელი პირები რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნები არიან. „ინტერ რაო“ ღია ტიპის სააქციო საზოგადოებად 2008 წლის გაზაფხულზე გადაკეთდა. მისი ხელმძღვანელი (დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე) რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრი ვიკტორ ხრისტენკო გახლდათ, ხოლო მოადგილე ჩუბაისის მარჯვენა ხელი ანდრეი რაპოპორტი.

ცოტა ხნის წინათ რუსეთში „რაოეესი“ დაიშალა და ამოქმედდა გენერაციის 6 საბითუმო კომპანია, გენერაციის 14 ტერიტორიული კომპანია, „რუსჰიდრო“, ფედერალური ქსელური კომპანია, სისტემის ოპერატორი, ჰოლდინგი „მრსკ“, აღმოსავლეთის „რაო ეს“ და „ინტერ რაო ეეს“. სწორედ „ინტერ რაო“-ს დაქვემდებარებაში დარჩა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“.

ანატოლი ჩუბაისის იმპერია დსთ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანას განაგებდა და ამ ქვეყნების ენერგეტიკულ სექტორში თამაშის წესებს ყველასთვის თვითონ განსაზღვრავდა. მაგალითისთვის, უცხოური კომპანიის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში აქტივების ყიდვა და მერე მათი „რაო ეესისთვის“ გადაყიდვა რუსეთის ცნობილი სქემა იყო, რომლის განხორციელებასაც იგი საკუთარი ინტერესების ქვეშ მყოფ ქვეყნებში ცდილობდა. ამ სქემით, რუსეთის ბიუჯეტიდანაც მნიშვნელოვანი ფული ქრებოდა, ანუ მასში ფართო ინტერესები იყო გაერთიანებული - პოლიტიკური, კორუფციული და ფინანსური.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2006 წლის ივნისში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი ჩეხური კომპანია მონაწილეობდა: „ენერგო პრო“ და „ფალკონ კაპიტალი“. „ფალკონ კაპიტალმა“ საპრივატიზაციო კონკურსში აჭარის სადისტრიბუციო კომპანიაზე გააკეთა განაცხადი და მთავრობას სულ რაღაც 12 მილიონი დოლარი შესთავაზა, ამით ასპარეზი ყველაზე მეტის გადამხდელ „ენერგო პროს“ დაუთმო.

„ფალკონ კაპიტალს“ რუსეთის თითქმის ყველა გავლენიანი პირი მფარველობდა და დღესაც მფარველობს. ანუ „რაო ეესის“ ხელმძღვანელის ანატოლი ჩუბაისის მიერ შექმნილი თეორია ლიბერალური იმპერიალიზმის შესახებ (რომელიც ეკონომიკურ და პოლიტიკურ კომპონენტებს აერთიანებს), ამგვარი სქემების მიხედვით ხორციელდება.

რაც შეეხება, რუსულ კომპანია „ენერჯი ინვესტს“, ის 2004 წელს დაფუძნდა. მის მმართველ გუნდში შედიან – გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ალექსეი ბელოვსკი, გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკასა და ფინანსურ საკითხებში კირილ ვანდიშევი, გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციის საკითხებში ოლეგ ჟილინი. „ენერჯი ინვესტის“ მთავარი ფინანსური დონორი რუსული „ვნეშტორგბანკია“. 2005 წელს „ენერჯი ინვესტმა“ რუსთავის „აზოტი“ შეისყიდა.

2006 წელს, „ენერჯი ინვეტსმა“ ასევე ხელისუფლების დახმარებით, გარდაბანში აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ამ ტურბინებში მილიონობით ლარი ტყუილად გადაიყარა, ვინაიდან ჰიდრორესურსებით მდიდარ ქვეყანაში „გაზოტურბინებით“ წარმოებული ძვირი ელექტროენერგია არავის სჭირდება.

„ყაზტრანსგაზი“ „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიაა. ცნობილია, რომ რუსული „გაზპრომი“ და „ყაზმუნაიგაზი“ დიდი ხნის პარტნიორები არიან და „გაზპრომი“ ამ კომპანიაში აქციების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. გარდა ამისა, „გაზპრომს“ ყაზახეთთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც ყაზახური გაზის ტრანსპორტირება-რეალიზაციას რუსები კურირებენ. ასე რომ, ქართულ ენერგეტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანია ორი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიების ინტერესების ქვეშ აღმოჩნდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგეტიკის სამინისტრომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ „ინტერ რაოს“ „ენგურჰესის“ ერთობლივი მართვა შესთავაზა და 2008 წლის დეკემბრის მიწურულს მასთან მემორანდუმიც გააფორმა.

ამ ეტაპზე, სამინისტროსა და რუსულ კომპანიას შორის მოლაპარაკებები ხელშეკრულების დეტალებზე მიმდინარეობს. მემორანდუმის შინაარსი დღემდე უცნობია. სამინისტრომ, საზოგადოების რისხვა თავიდან რომ აეცილებინა, მას გრიფი „საიდუმლო“ დაადო.

ენერგეტიკის მინისტრის ალეკო ხეთაგურის განცხადებით, ქვეყანა ჩრდილოელ მეგობართან გარიგებით მილიონებს მიიღებს.

„ჩვენ „ინტერ რაო“-სთან წარმატებული ურთიერთობები გვაქვს, და ეს ურთიერთობები გაგრძელდება“, - დარწმუნებულია მინისტრი.

ამ ობიექტების გამყიდველი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებდა, რომ ფულს სუნი არა აქვსო და შესაბამისად, რუსული ინვესტიციების შემოსვლაში საფრთხეს ვერ ხედავდა. ამჯერად, ნოღადელისა და ბენდუქიძის იდეების რეალიზებას მათი გამოზრდილი კადრები შესანიშნავად ახერხებენ.

ახალი ამბები