კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ არ უნდა დავუშვათ ახალი ომი სამხრეთ კავკასიაში

7 ივლისი, 2010
რონალდ ასმუსი, ვაშინგტონ პოსტი

რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბოლოდროინდელი ვიზიტის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციას სურს დაამტკიცოს, რომ რუსეთთან გადატვირთვის პარალელურად მას აქვს კავშირების გაღრმავების სტრატეგია ისეთ მოკავშირეებთან, როგორიც პოლონეთია. ამისთვის  სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცენტრალურ, აღმოსავლეთ-ევროპასა და სამხრეთ-კავკასიაში გაემგზავრა. მოგზაურობის მიზანია, ასევე, კონსერვატორთა კრიტიკის გაქარწყლებაც, თითქოს ვაშინგტონი მოსკოვთან შეთანხმებას მოკავშირეების მიტოვების ფასად ცდილობს.

ადმინისტრაცია ორმაგი გადაწყვეტილებების ხაზის გატარებას შეეცადა: ის რუსეთთან ურთიერთობების განახლების ინიციატივით გამოვიდა, თანაც უარი არ უთქვამს მის პრინციპზე, რომ ამ ქვეყნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება აქვთ. ასევე, ადმინისტრაცია შეეცადა, უარი ეთქვა გავლენის სფეროების შესახებ მოსკოვის მოთხოვნაზე, თუმცა, რეალურად, მთავარია არა ადმინისტრაციის რიტორიკა, არამედ რამდენად გამყარებულია მისი სიტყვები პოლიტიკით, არსებითი ურთიერთქმედებით. ჯერ-ჯერობით ადგილი არა აქვს ამგვარ პოლიტიკას. ეს ის დეფიციტია, რომლის შევსებასაც იმედია, კლინტონის მოგზაურობა შეძლებს.

ადმინისტრაციამ უკვე დააბრუნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპასთან ურთიერთობები ძველ კალაპოტში ისეთ საკვანძო საკითხებთან მიმართებაში, როგორიც მაგალითად ანტისარაკეტო თავდაცვაა. მოლაპარაკებები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მათი დარწმუნების შესაძლებლობას იძლევა, რომ ამერიკისა და ნატოს დაპირებები თავდაცვის ერთობლივ დაგეგმვაზე, წვრთნასა და ინფრანსტრუქტურის შექმნაზე ფუჭი არ იყო. გაცილებით რთული სიტუაციაა სამხრეთ-კავკასიასთან დაკავშირებით. ორი წლის წინ დასავლეთი ისეთი სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდა, როგორიც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას დაემუქრა. არ შეიძლება ამგვარი კონფლიქტების მომავალში წარმოქმნის შესაძლებლობის გამორიცხვა.

აშშ-ის ადმინისტრაცია სამი ძალიან რეალური საფრთხის წინაშეა

პირველი – აზერბაიჯანს და სომხეთს შორის გაუარესებული ურთიერთობები და სადაო ტერიტორიის - მთიანი ყარაბახის გარშემო კონფლიქტი. ბოლოდროინდელმა შეტაკებებმა და მსხვერპლმა დაადასტურა, რომ ამ რაიონში გაზრდილია დაძაბულობა. თურქულ-სომხური დაახლოების კოლაფსი (იმედი ვიქონიოთ, რომ დროებითი) ასევე ხელს უწყობს დაძაბულობის მატებას. უფრო მასშტაბური საერთაშორისო და დასავლური მონაწილეობის არარსებობის პირობებში, ეს  შეტაკებები შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს და  ზაფხულის განმავლობაში ნამდვილ ომში გადაიზარდოს.

მეორე – ჩვენ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში იმ მოსაზრებამ, რომ თითქოს დასრულდა რუსულ-ქართული კონფლიქტი. მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს გატეხოს თბილისის დასავლეთისკენ მისწრაფების სურვილი. ის შეიძლება დაელოდოს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ზომები, თუმცა მისი ამოცანები უცვლელია. მართალია, საქართველო ომს და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს მოსალოდნელზე უკეთ გაუმკლავდა, მაგრამ გამოყოფილი რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის განუსაზღვრელი სტატუსი და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარების ყოფნა (ფაქტობრივი ოკუპაცია) სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს სტაბილიზაციისა და მისი რეფორმირების გზაზე. სასაზღვრო რეჟიმი, რომელსაც ევროკავშირის უიარაღო მონიტორები აკვირდებიან, სუსტია. რეალური არასტაბილურობისა და დაძაბულობის პირობებში,  საეჭვოა, ეს მისია ადეკვატური იყოს.

მაგრამ რეგიონისთვის პოტენციურად ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილოეთ-კავკასიაა, სადაც რადიკალური, მადესტაბილიზებელი ძალების თარეში გრძელდება. სოჭში დაგეგმილმა 2014 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა (მოსკოვისთვის პრესტიჟული პროექტი) ამ დინამიკისთვის შეიძლება კატალიზატორის როლი ითამაშოს. როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობა, ვლადიმერ პუტინის გამონათქვამს თუ დავესესხებით, რეგიონის „გაწმენდის“ აუცილებლობას განიცდის, რათა მოსპონ ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვმა შეიძლება წინასწარ  მიიღოს მკაცრი ზომები და სისასტიკის გამოვლინებები მანამდე დასრულდეს, ვიდრე ამას დასავლელი ჟურნალისტები შეამჩნევენ ან 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი სპორტსმენი ჩავა... მაგრამ ამ ტიპის ქმედებებმა  შეიძლება სიტუაცია გააუარესოს.

ის უკუშედეგი, რასაც დღეს მოსკოვი აწყდება, რომელიც წლების მანძილზე რეგიონში სეპარატისტულ ძალებს უჭერდა მხარს – კოშმარია არა მხოლოდ რუსეთის ლიდერებისთვის,  არამედ დასავლეთისთვისაც. წარმოიდგინეთ, რომ რეგიონის ჯიჰადისტები განამტკიცებენ თავიანთ კავშირებს ანალოგიური სახელწოდების ჯგუფებთან, რომლებიც ჩვენ ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთსა და პაკისტანში დავასუსტეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფექცია დიდად არ გავრცელდება, მას სამხრეთ-კავკასიის დესტაბილიზაცია შეუძლია. ისტორიულად, რუსეთი სამხრეთ-კავკასიაში ჩრდილოეთზე კონტროლის საშუალებას ხედავდა. თუკი ის დღესაც ანალოგიურად იმოქმედებს და დამნაშავეთა „ცხელ კვალზე“ დევნის (სხვა სახელმწიფოს საზღვრის დარღვევით) უფლებას მოითხოვს,  საჰაერო სივრცის ან საქართველოს ტერიტორის გამოყენებით, ჩვენ შეიძლება, ელვისებურად აღმოვჩნდეთ კიდევ ერთი არასასურველი კონფლიქტის ზღვარზე.

საერთო ჯამში, რისი გაკეთება შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთს? აშს-ის ადმინისტრაციას უამრავი საგარეო პოლიტიკური პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, მაგრამ ეს კლასიკური შემთხვევაა, რომელშიც მოკრძალებულმა ინვესტიციამ მომავალში შეიძლება უფრო დიდი პრობლემები აგვაცილოს თავიდან. ვაშინგტონი უნდა შეეცადოს ჩრდილოეთ-კავკასიაში მოსკოვთან ურთიერთქმედებას. ჩვენ შესაძლოა, ამ რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე გავლენის ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია, მაგრამ შეგვიძლია მსგავსი მეთოდების გავრცელება და სამხრეთ-კავკასიაში მაინც შევზღუდოთ თანმდევი დანაკარგები.

ასეთი გრძელვადიანი გამარჯვება მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით სასაზღვრო კონტროლისთვის უფრო ეფექტური მექანიზმების შექმნას, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ჩამოყალიბებისკენ დიდ ძალისხმევას და გარკვეული დაზღვევის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნებს მსგავს შემოტევასთან გამკლავების შესაძლებლობას მისცემს.

მოკრძალებულმა ინვესტიციამ შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემებს აგვარიდოს, რომლებიც მომავალში გველის. იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი ამ საკითხზე რეგიონში კონსესუსის მიღწევას შესძლებს.

რონალდ ასმუსი – კლინტონის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო, დღეს ის ბრიუსელში მარშალის ფონდის ტრანს-ატლანტიკური ცენტრის დირექტორია. სტატიაში მისი პირადი შეხედულებებია გამოთქმული.

ახალი ამბები