კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველთა ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს

7 ივლისი, 2010
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის კოორდინატორმა სომხეთში, ცნობილმა უფლებადამცველმა მიკა დანელიანმა სომეხი უფლებადამცველების წერილთან ერთად აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს გადასცა ქართველი და აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისადმი. სომხეთის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენელი მიკა დანელიანი უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ორ სხვა წევრთან – არტურ საკუნცთან და ლევონ ბარსაგიანთან ერთად 5 ივლისს ერევანში მიწვეული იყო ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე.

გთავაზობთ ქართველი უფლებადამცველების ღია წერილის სრულ ტექსტს.


ღია წერილი აშშ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ

2010 წლის 4 ივლისი

ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს
ქალბატონ ჰილარი კლინტონს,
სახელმწიფო დეპარტამენტი, ვაშინგტონი

პატივცემულო სახელმწიფო მდივანო

ჩვენ, საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი არასამათავრობო ორგანიზაციები - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომლებიც ასევე ვართ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრები - მოხარული ვართ თქვენი  პირველ ოფიციალურ ვიზიტით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს ინტერესს, შეხვდეთ  ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას.

გვსურს,  გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობაზე  ჩვენს ქვეყანაში. ამ საკითხებზე ასევე საუბარი იყო 2009 წლის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ:

„საანგარიშო წლის მანძილზე დაფიქსირებულ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შორის აღსანიშნავია მინიმუმ ერთი ადამიანის სიკვდილი, რომელიც სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით, აგრეთვე - პოლიტიკური მოტივით ადამიანის გატაცებისა და მათზე თავდასხმის  ფაქტები, ცუდი პირობები ციხეში, პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული ძალადობა, თვითნებური თავისუფლების აღკვეთა და დაკავება, პოლიტიკური სარჩულით დაპატიმრება, დემონსტრაციების დაშლისას გადამეტებული ძალის გამოყენება, ქონების მფლობელებზე პოლიტიკური მოტივით ზეწოლა,  საპროცესო  ნორმების ნაკლოვანებები, მთავრობის ზეწოლა სასამართლო ორგანოებზე, მაღალჩინოსანთა შორის კორუფცია მთავრობაში. 

სიტყვისა და პრესის თავისუფლება შესუსტდა, და იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობა ჩაერია შეკრებისა და გაერთიანების უფლებაში.  მიუხედავად იმისა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის სამთვიანი საპროტესტო გამოსვლები მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, აღინიშნებოდა აშკარა უთანასწორობა -  პროტესტთან დაკავშირებული ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება ხდებოდა ოპერატიულად და სწრაფად, რასაც ვერ ვიტყვით არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე... სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის პირველ ნახევარში, სისხლის სამართლის  საქმეებთან მიმართებაში სასამართლოები არაადეკვატურად უზრუნველყოფდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას“.

ზემოაღნიშნული გათვალისწინებით მოგიწოდებთ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განსახილველად დააყენოთ შემდეგი საკითხები:

•    მიიღონ დაუყოვნებელი და ეფექტური ზომები ციხეში არსებული ადამიანის ღირსების შემლახავი პირობების გამოსასწორებლად, რითაც ილახება ადამიანის ღირსება და წარმოადგენს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას (მიმდინარე პრობლემები მოიცავს სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების ხელმიუწვდომლობას, გადაჭედილ საპატიმროებს, ცუდ ჰიგიენურ სიტუაციას, პატიმრების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და გადამდები დაავადებების მქონე პატიმრების სხვა პატიმრებთან ერთად მოთავსებას).

•    გაატარონ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საშუალებას მისცემს არასამათავრო ორგანიზაციებს, რეგულარულად ჩაატარონ პენიტენციალური სისტემის მონიტორინგი;

•    გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და მიიღონ ეფექტური ზომები, რათა შეწყდეს ადამიანების დაკავება, დაპატიმრება ან სხვაგვარად მათზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით.

•    დაჟინებით მოსთხოვოს მთავრობას ეფექტური ზომების მიღება, რათა ყველა ადამიანისათვის სრულად იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. დაიწყონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2009 წლის გაზაფხულზე მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს დაფიქსირებულ ფაქტებზე, გამოავლინოს დამნაშავე პირები და პასუხისგებაში მისცეს (მათ შორის აქციის მონაწილეთა დასარბევად უკანაონო იარაღისა და გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტები).

•    გააუქმონ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების კანონში, პოლიციის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2009 წლის 17 ივლისს შეტანილი ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები არაპროპორციულად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრებისა თავისუფლებას და გამყინავი ეფექტი აქვს ამ უფლებების გამოყენებაზე;

•    მიიღონ ყველა ზომა, რომ უზრუნველყონ უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო უფლებადამცველთათვის, კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ქვეყანაში მოდარაჯე ძაღლის ფუნქციას ასრულებენ.

•    ეფექტურად გამოიძიონ ჟურნალისტებისა და მედიაგამოცემების წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და მორალური ზეწოლის ფაქტები; უზრუნველყონ დამნაშავეთა დასჯა  კანონის შესაბამისად; შექმნან უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო მედიისათვის,  რათა  საშუალება ქონდეთ,  იმოქმედონ დევნის, სამაგიეროს გადახდისა და თავდასხმის შიშის გარეშე.

•    მიიღონ ყველა საჭირო ზომა სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად, განსაკუთრებით - სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით. მიიღონ დაუყოვნებელი და ეფექტური ზომები იმ პირებისა და ინსტიტუტების პასუხისგების საკითხის დასაყენებლად, რომლებიც ერევიან სასამართლოს დამოუკიდებლობაში. გაატარონ ინსტიტუციური რეფორმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა მოხდეს იმ მრავალი ფუნქციის დეცენტრალიზაცია, რომელიც ამ სამინისტრომ ბოლო წლების განმავლობაში მიიღო (როგორიც არის პოლიცია, უშიშროება, კონტრ-დაზვერვა, სასაზღვრო პოლიცია, ა.შ.);

•    მიიღონ ეფექტური ზომები, რათა უზრუნველყონ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების ფაქტების ანგარიშვალდებულება;

•    მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დევნილებმა იცხოვრონ ისეთ პირობებში, რომელიც შეესაბამება ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებებს;

•    მოუწოდონ მთავრობებს, დაიწყონ დიალოგი სახელმწიფო ინსტიტუტების, უფლებადამცველებისა და  ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრთან. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ  ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ერვონული ინსტიტუტების (განსაკუთრებით - სახალხო დამცველის), ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე, რეკომენდაციებსა და ანგარიშებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ევროსაბჭო და გაეროს სხვადასხვა უწყებები;
 
•    აღადგინონ კონსტიტუციური ბალანსი აღმასრულებელ, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის; კონსტიტუცია ამჟამად გადაჭარბებულ ძალაუფლებას ანიჭებს აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებაში.

თუ თქვენი სურვილი იქნება, დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ ზემოთაღნიშნულ საკითხებზე, მოხარულები ვიქნებით მოგაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია.

ხელისმომწერნი:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ტელ: (+995 32) 998856;
ელ-ფოსტა: office@article42.ge

ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის
ტელ: (+995 32) 931428;
ელ-ფოსტა: nanakakabadze2005@yahoo.com

ადამიანის უფლებათა ცენტრი
ტელ: (+995 32) 37-69-50;     45-45-33;
ელ-ფოსტა: hridc@hridc.org

ახალი ამბები