კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ექიმი და ექთანი სოფელში ურმით ან ცხენით გადმოგვყავს, მიცვალებულს ტრაქტორით მივასვენებთ“

8 ივლისი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

სენაკის რაიონის სოფელ ხორშში მდინარე ზანაძგაზე ხიდის არარსებობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია, მიცვალებული სასაფლაომდე მდინარეზე ტრაქტორით გადაასვენოს. ბავშვები სკოლაში პირსახოცებით დადიან, ისიც იმ ბედნიერ შემთხვევაში, თუ მდინარე ადიდებული არაა და მასზე შიშველი ფეხებით შესაძლებელია გადასვლა. ხოლო თუ წყალი ადიდებულია,  სკოლაში ვეღარ მიდიან.

„მდინარეზე სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ გადმოდის. ექიმი და ექთანი სოფელში ურმით ან ცხენით გადმოგვყავს, ავადმყოფს დროული დახმარება რომ აღმოვუჩინოთ. ხშირად ხელითაც გადმოგვიყვანია ექიმი. მდინარე ადიდებული რომც არ იყოს, მანქანა მაინც ვერ გადმოდის. მიცვალებულს ვერ მარხავს ხალხი. ტრაქტორით და რა ვიცი, მძიმე ტექნიკით უნდა გადაასვენონ ცხედარი. 20 კომლი ვართ აქეთ. ცუდ ამინდში ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან და რჩებიან გაუნათლებელნი. მდინარით თუ გადავა ბავშვი, 3 კმ უნდა გაიაროს ფეხით სკოლამდე. ასეთი მდგომარეობა უკვე რამდენი წელია გრძელდება. ვის არ მივმართეთ, ვისთან არ ვიყავით, როგორ არ მოვიქეცით. ყოველი არჩევნების წინ მოდიან დაპირებებით, მაგრამ მაინც არ დაგვადგა საშველი. 4 წლის წინათაც ვიყავით რაიონის გამგებელთან, ხელიც მოვაწერეთ რაღაც საბუთებს, მაგრამ მაინც არაფერი გაკეთებულა“, - გვითხრა სოფლის მაცხოვრებელმა მათე თოდაძემ.

„მდინარეზე ხიდი წყალმა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაგვინგრია. შემოვლითი გზით ბავშვებმა სკოლამდე 10 კმ უნდა გაიარონ 3 კმ-ის ნაცვლად, მაგრამ ახლა იმ გზითაც ვეღარ ვუშვებთ. ტყეში მგლებია და გვეშინია. მოვიდა გამგეობიდან კომისია, მაგრამ 2 მილიონი ლარი ჯდება ეს ხიდიო,  გვითხრეს. როგორ შეიძლება ეს ხიდი ამდენი დაჯდეს?! წინასაარჩევნოდ ყველა ჩვენ გვატყუებს დაპირებებით, მაგრამ როგორც კი სავარძლებში მოიკალათებენ, მერე ყველას ვავიწყდებით!“ - გულისტკივილსა და აღშფოთებას გამოხატავს რეზო ჭითავა.

„ვთქვათ სიმართლე - კომუნისტობის პერიოდში ბავშვი თუ სკოლაში არ წავიდოდა, მასწავლებლები სახლში მოდიოდნენ - ბავშვი სკოლაში რატომ არ გამოუშვითო. დღეს კი ყველაფერი სულერთია. ჩარეცხილები თბილისელი პროფესორები კი არა, ჩვენ ვართ!“ – თავის მოგვარეს ეთანხმება ამირან ჭითავაც.

სოფლის უხუცესის, 18 შვილის მამის, ვარდენ ჭითავას თხოვნის შემდეგ ადიდებულ მდინარეზე ცხენით და ურმით გადავედით და ასე მივაღწიეთ სოფლამდე. მას ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს და ინვალიდის სავარძელში ზის.

ვარდენ ჭითავა, ხორშის უხუცესი: „სამამულო ომის მონაწილე ვარ. 86 წელი მისრულდება. ფეხებში ყუმბარის ნამსხვრევები მქონდა და მერე განგრენა განვითარდა. 12 ვაჟიშვილი მყავს და არც ერთს არ უნდა აქ ცხოვრება, თუნდაც იმიტომ, რომ გზა არ არის. ამ ხიდის გაკეთებას ხომ საშველი აღარ დაადგა! სამი განცხადება მაქვს შეტანილი. ერთხელ გუბერნატორ გოროზიასაც მივმართე. ჩვენმა პარლამენტარმა მისაბიშვილმა შემომითვალა, აქ 20 ოჯახია და ამათ გადავასახლებ გაღმაო. სენაკში ტომარა პურის ფქვილი 50 ლარი ღირს და რომ იყიდო, 10 ქათამი მაინც უნდა გაყიდო. მოგეხსენებათ, ღორები ჭირმა გაწყვიტა. ჩაის წარმოება აღარ არის და პლანტაცია ავჭერით. ვჭამთ ღომს და სული ძლივს გვიდგას. რკინის მასალები გვაქვს. გამოიყენოს მთავრობამ ხიდის დასამზადებლად და იქნებ, გვეშველოს რამე!“
 
როგორც სოფელში გვითხრეს, ძველი ხიდის რკინები სოფელმა შეინარჩუნა, ასევე შეინარჩუნეს 1991-92 წლებში ახალი ხიდის მშენებლობისთვის მოტანილი რკინის კონსტრუქციები.

მოსახლეობის ნაწილი თანახმაა, მდინარეზე ბონდის ხიდი მაინც გაიდოს, ნაწილი – არა, რადგან მიაჩნიათ, რომ საცალფეხო ხიდი პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ მოხსნის.

სოფლის პრობლემასთან დაკავშირებით  ხორშის თემის რწმუნებულს თენგიზ მატახერიას მივმართეთ. მისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: „მოსახლეობის განცხადება შარშან  შემოვიდა რაიონის გამგეობაში, გამგეობამ გადაუგზავნა სამხარეო ადმინისტრაციას, მათ გადააგზავნეს თბილისში და ელოდებოდნენ პასუხს. ადგილობრივი ბიუჯეტით ამ ხიდის აღდგენის დაფინანსება ძალიან ძვირია, ნახევარი მილიონი ლარი მაინც დაჭირდება. იქ დაახლოებით 20 კომლი ცხოვრობს. შარშანწინ გაკეთდა შემოვლითი გზები, რომ ტრასაზე გასულიყვნენ. წელსაც შემოიტანა მოსახლეობამ ეს განაცხადი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასეთი პასუხი მოუვიდათ - თქვენი საკითხი განხილვის პროცესშიაო“.
 
მდინარის იქითა მხარეს ჩაკეტილი 20 ოჯახი 1991 წლიდან დახმარებას ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლებისგან, მაგრამ როგორც ჩანს - ამაოდ. ხორშის უგზოობის პრობლემა წელსაც ვერ გადაწყდება. მომავალი წლისთვის კი ჯერჯერობით ისეთივე დაპირება არსებობს, როგორიც ხორშელებს ოცი წლის განმავლობაში ათასობით მოუსმენიათ.

აი, რა გვითხრა სენაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მისაბიშვილმა, ხორშელების პრობლემასთან დაკავშირებით: „2003 წლამდე საქართველოში არაფერი აშენებულა. ხოლო მას შემდეგ, რაც დაიწყო მშენებლობები, თითქმის ყველგან გაიხსნა გზა, ზოგან შორი მისასვლელი გზები გაკეთდა, ზოგან ხიდ-ბოგირები და მეტ-ნაკლებად ეს პრობლემა დარეგულირდა. ახლა დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ყველაფერს ერთდროულად ხომ ვერ გავაკეთებდით?! ეტაპობრივად ვაკეთებთ. ვიცი, რომ იმ ადამიანებს ძალიან უჭირთ, მაგრამ ამ ხიდის მშენებლობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი დასმულია გზების დეპარტამენტისა და მთავრობის წინაშე. განხილვის სტადიაშია და მგონი მომავალი წლისთვის მოგვარდება. წელს უკვე ყველა სამუშაო დაგეგმილია და ხორშის პრობლემა ვერ ჩაისმება ამ გეგმაში, ტყუილი დაპირება გამომივა. ჩვენ ძალიან მწირი ბიუჯეტი გვაქვს. არავითარ გამოსახლებაზე საუბარი არ ყოფილა. თუ მათ აქვთ სურვილი, რომ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი, ჩვენ ამ კუთხით დავეხმარებოდით. სახელმწიფო გამოუყოფს მათ საცხოვრებელ ნაკვეთებს, დავეხმარებით სახლების მშენებლობაში და, შესაბამისად, მათი ცხოვრების პირობებიც გაუმჯობესდებოდა. ეს იყო, უბრალოდ, იდეის დონეზე, ანუ ერთ-ერთი ვარაუდი და არა მიღებული გადაწყვეტილება. ხოლო თუ საცალფეხო ხიდზე იქნება საუბარი, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უფრო ადვილად მოგვარდება“.

საინტერესოა, ვის მოუვიდა აზრად ხორშელებისათვის სხვა ტერიტორიაზე ახალი სახლების აშენება და ნაკვეთების გამოყოფა. ისიც საინტერესოა, რამდენი ხიდი აშენდება იმ თანხით, რაც სხვაგან ახალი სოფლის გაშენებას და ხორშელების იქ გადასახლებას უნდა მოხმარდეს.

ახალი ამბები