კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სოკარს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

12 ივლისი, 2010

გელა მთივლიშვილი

კახეთში მოსახლეობა გაზის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ბუნებრივი აირის ტარიფი 10 თეთრით მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის გაზარდა, რომლებიც აბონენტებად 2010 წლის 1 მაისის შემდეგ დარეგისტრირდნენ.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის მცხოვრებლების თქმით, სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები წინასაარჩევნოდ დაასრულეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ბუნებრივი აირის მომხმარებლად 1 მაისის შემდეგ აღირიცხა.

„სოკარი“ კახეთის მასშტაბით 7 გაზგამანაწილებელ კომპანიას ფლობს. მოსახლეობას სხვა არჩევანი არ აქვს და იძულებულია, კომპანიის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფის დადგენის პროცესში ვერ ჩაერევა, რადგან გაზის ტარიფის ნაწილობრივი დარეგულირება ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებულებით არის განსაზღვრული.

„2008 წლის პირველი სექტემბრიდან, ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე, სემეკის დადგენილებაში შევიდა ცვლილებები და ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა გამოცხადდა დარეგულირებულად, ხოლო ნაწილობრივ დარეგულირებულად 2008 წლის პირველ აგვისტომდე არსებული ბუნებრივი აირის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. სემეკი გაზის ტარიფს მხოლოდ ძველი აბონენტებისთვის არეგულირებს. კომპანიები უფლებამოსილებები არიან, ახალი აბონენტებისთვის ტარიფი საკუთარი გადაწყვეტილებით დააწესონ. ამ პროცესში სემეკი ვერ ჩაერევა“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა.

 „სოკარს“ მომხმარებელთა უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს ენერგოომბუდსმენი ვალერი ფხაკაძე. მისი განმარტებით, „სოკარი“ კახეთში, ლაგოდეხის რაიონში 178 ახალ აბონენტს ბუნებრივ აირზე ძველ აბონენტებთან შედარებით 12 თეთრით მეტს - 60 თეთრს ახდევინებს. ეს ტარიფი კი, ენერგოომბუდსმენის მტკიცებით, „სოკარმა“ თვითნებურად დააწესა. ენერგოომბუდსმენი „სოკარის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რომ ტარიფის გაძვირების შესახებ მათი არგუმენტები მოისმინოს.

„სოკარს“ რეგიონების მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდის გამო ახსნა- განმარტებების მიცემა, შესაძლოა, პარლამენტისთვისაც მოუწიოს. რადიო „კომერსანტის“ ცნობით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თემურ წურწუმიას განცხადებით, აუცილებელია, არგუმენტები კომიტეტმა თავად კომპანიის წარმომადგენლებისგან მოისმინოს. მისივე თქმით, რეგიონის მოსახლეობისთვის 60 თეთრიანი ტარიფი ნამდვილად მაღალია.

ახალი ამბები