კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონში 18 ადამიანი საქმის ქურდულად გარჩევის გამო დააკავეს

13 ივლისი, 2010

მარიკა ვაჭარაძე, ხონი

ხონში 6 ივლისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 18 ადამიანი საკუთარი სახლებიდან დილის 5 საათზე აიყვანეს. გარდა ამისა, პოლიციაში წარმოადგინეს 40–მდე ადამიანი და მოწმის სახით დაკითხეს. 8 ივლისს ხონის სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ 9 ეჭვმიტანილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ეჭვმიტანილთა ინტერესებს ხუთი ადვოკატი იცავდა.

გიორგი ჩანქსელიანს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ქურდული ტრადიციების მიმდევრობა და იარაღის უკანონო შენახვა ედება ბრალად. დადაგენილება, რომელიც ჩანქსელიანის სისხლის სამარტლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით მიცემას ეხება, წერია, რომ: 2010 წლის 8 მარტს იგი ტელეფონით დაუკავშირდა ხონის რაიონის მკვიდრს, რუსეთის ფედერაციის ქალაქ სარატოვში მყოფ „კანონიერ ქურდ“ ნოე წულაიას. ბრალდებული არ დაეთანხმა წაყენებულ ბრალდებებს და დუმილის უფლება გამოიყენა. მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. ორთვიან წინასწარ პატიმრობასთან ერთად, ჩანქსელიანს ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარი ჯარიმის სახით დაეკისრა მარიხუანას მოხმარებისათვის.

მურმან წივწივაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 0,8 გრამი ჰეროინი ამოიღეს. მას ასევე ქურდული ტრადიციების მიმდევრობა ედება ბრალად. სასამართლოს წინაშე დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა, მოსამართლემ ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარიც დააკისრა. ექსპერტიზამ წივწივაძეს ორგანიზმში ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა დაუდასტურა. მისი ადვოკატი ნოდარ კვიციანი ამბობს, რომ წივწივაძეს თავისი ტელეფონით კრიმინალურ ავტორიტეტთან არ უსაუბრია. ბრალდებულის ტელეფონით ნასარგებლები აქვს სხვა პიროვნებას და ამ ეტაპზე ცდილობს, გაიხსენოს, ვის გადასცა ოთხი თვის წინ ტელეფონი.

ზურაბ წივწივაძეს შემოწმების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში არ აღმოაჩნდა. თუმცა, ჩხრეკის დროს მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 0,3 გრამი მარიხუანა თავისად აღიარა. ქურდული ტრადიციების მიმდევრობასა და ხულიგნობის ბრალდებაში კი თავს დამნაშავედ არ სცნობს.

დიმიტრი ბუღაშვილი ბათუმში ცხოვრობს და ხონში სტუმრად იმყოფებოდა. იგი ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აიყვანეს. ასევე ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. წაყენებულ ბრალდებას აღიარებს, თუმცა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა უარყო. ადვოკატმა მიხეილ ლიპარიძემ საპროცესო შეთანხმებით, 5 000 ლარის ჯარიმის გადახდა ითხოვა, რადგან ბრალდებულს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და იგი საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნია.

კობა კაკაურიძეს ქურდულ სამყაროსთან სიახლოვის გარდა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. მოსამართლის წინაშე მან „კანონიერ ქურდ“ ნოე წულაიასთან ნათესაური კავშირზე ისაუბრა და თქვა, რომ მასთან საუბარი მხოლოდ პირადი მოკითხვის დონეზე ქონდა. იარაღი კი თავისად არ აღიარა.

თემურ გორდაძეს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების – 7 გრამი მარიხუანას შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. მისი დარბაზიდან გასათავისუფლება, ადვოკატ ოთარ მარჯანიშვილის თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ შეიძლებოდა. თუმცა, მოსამართლემ ეს თემა ნაადრევად მიიჩნია.

კობა ქურასბედიანს ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანას მოხმარება-შეძენას ედავებოდნენ. ადვოკატმა ირინა ადეიშვილმა გამომძიებლისა და პროკურორის მიერ საქმეში წარმოდგენილი ბრალეულობა არასაკმარისად მიიჩნია და ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა 500 ლარი მოითხოვა. ადვოკატმა მოსამართლეს კობა ქურასბედიანის დახასიათება ახლო მეზობლების ხელმოწერებით ჩააბარა. ადვოკატმა ირინა ადეიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებული არ არის საზოგადოებისათვის საშიში და არ აპირებს გამოძიებას დაემალოს. მას არ უცდია საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს გაქცევა. კობა ქურასბედიანის საქმე ერთ-ერთი იყო, სადაც პროკურორმა არასაკმარისი ბრალეულობა აღიარა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოხრეიძემ მიზეზად არასაკმარისი დრო (48 საათი) დაასახელა.

კახა კენჭოშვილს ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. იგი წარსულში ბელორუსიის რესპუბლიკაშია ნასამართლევი ქურდობის გამო. შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული ნივთიერებით თრობა დაუდასტურდა და მან ეს ბრალდება სასამართლოს წინაშე აღიარა.

შოთა ჭავჭანიძეს ხულიგნობა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთირების შეძენა-შენახვას ედავებიან. მან არც ერთ საკითხში თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ ისევე როგორც სხვებს, მასაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

დადგენილებაში, რომელიც ბრალდებულის სახით გიორგი ჩანქსელიანის  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ეხება, წერია: „2010 წლის 6 მარტს, საღამოს საათებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის იმერეთის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორ ალექსანდრე კაკაბაძეს ხონის რაიონის სოფელ კუხში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკართან, ხმაური შემოესმა. იგი გარეთ გავიდა და შეკრებილ რამდენიმე პირთაგან ნაცნობ თანასოფლელს შოთა ჭავჭანიძეს, რომელიც უცენზურო სიტყვებს წარმოთქვამდა, სთხოვა, შეეწყვიტა მსგავსი ქმედება და სხვაგან გადაენაცვლა. უსაფუძვლოდ განაწყენებულმა შოთა ჭავჭანიძემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ალექსანდრე კაკაბაძეს. თუმცა, იქ მყოფ პირთა ჩარევით ვითარება განიმუხტა. მომხდარის შესახებ იმავე ღამით შეიტყო ალექსანდრე კაკაბაძის სიძემ ბადრი უგულავამ (თუმცა აქ არაფერი წერია თუ ვისგან და როგორ შეიტყო). თანასოფლელ შოთა ჭავჭანიძისაგან მომდინარე უსაფუძვლო კონფლიქტის შემდგომი გაღრმავების თავიდან ასაცილებლად ბადრი უგულავა დაუკავშირდა ძმას – შალვა უგულავას და თემურ ბერძენიშვილს, რომლებთან ერთად ერთ-ერთ მოსაცდელთან მივიდა, მაგრამ შოთა ჭავჭანიძე იქ არ აღმოჩნდა. მათ იქ შეკრებილ 10-15 ადამიანს აუხსნეს თავიანთი განწყობისა და შერიგების სურვილის შესახებ.

ადვოკატებს აქ უჩნდებათ კითხვა – რას ნიშნავს „აუხსნეს“? ეს „საქმის გარჩევის“ სინონიმი ხომ არ არის? და თუ ასეა, ძმები უგულავები და თემურ ბერძენიშვილიც ქურდული ტრადიციების მიმდევრები ხომ არ არიან?

გიორგი ჩაქსელიანის პირველი ბრალეულობაც აქ იკვეთება, რადგან წერია, რომ: „მთვრალმა გიორგი ჩაქსელიანმა გადაწყვიტა, ძალადობითა და მუქარით უხეშად დაერღვია საოგადოებრივი წესრიგი. რაც ძმები უგულავებისა და თემურ ბერძენიშვილისადმი უპატივცემულობით გამოიხატა. მან დაუდგენელ პირებთან ერთად, ცემა დაუწო ამ უკანასკნელთ“. აქვე წერია, რომ ბერძენიშვილმა თავის დასაცავად ჯოხი მოიმარჯვა, რომელიც „შემთხვევით“ თავის არეში მოხვდა გიორგი ჩანქსელიანს. როგორც ჩანქსელიანის ახლობლები ამბობდნენ, მას ჭრილობა თითქმის ერთი კვირა აჩნდა. 2010 წლის 7 მარტს კი, ხონის რაიონის სოფელ ახალბედისეულში „ქურდული გარჩევის შეხვედრა“ შედგა, სადაც კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების სურვილით, თემურ ბერძენიშვილი ძმებ უგულავებთან ერთად დათქმულ ადგილზე მივიდა. აქვე წერია, რომ: „კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების სურვილით მისულმა თემურ ბერძენიშვილმა თავდაცვის მიზნით აიღო უვარგისი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი“.

სასამართლო პროცესზე აქვე დაისვა კითხვა ადვოკატებისგან, თუ რატომ წაიღო „უვარგისი“ ავტომატი ბერძენიშვილმა „საქმის გარჩევაზე“. ადვოკატმა მიხეილ ლიპარიძემ საინტერესოდ მიიჩნია ის დეტალიც, რატომ დამალა შსს–ს საპატრულო პოლიციის იმერეთის დეპარტამენტის პატრულ–ინსპექტორმა ალექსანდრე კაკაბაძემ მომხდარი ფაქტი 2010 წლის 6 მარტს და თავად რატომ არ ამცნო პატრულს ხულიგნობის შესახებ? შემთხვევით თავადაც ხომ არ იყო ამ „ქურდული გარჩევის“ მონაწილე? ან რა მიზნით გახდა საჭირო პატრულთან კონფლიქტში ძმები უგულავებისა და თემურ ბერძენიშვილის ჩარევა. ამ კითხვაზე სასამართლოზე, რომელიც 8 ივლის გაიმართა, ადვოკატმა პასუხი ვერ მიიღო, რადგან მოსამართლის განმარტებით, სასამართლო ბრალეულობის დეტალებს არ იხილავდა.

ცხრავე დაკავებულის მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილებს იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. „ოფიციალურად ჩხრეკა პოლიციელება ისე დაიწყეს, რომ ჩხრეკის ორდერი არ უჩვენებიათ. მეზობლებს კი მას შემდეგ დაუძახეს, რაც კარები შეტეხეს და სახლებში შემოგვივარდნენ, ამ დროს კი პოლიციას „თავისი საქმე“ გაკეთებული ჰქონდა“, – ამბობენ დაკავებულის მშობლები.

დაბოლოს, საინტერესოა ერთი დეტალიც – ცეცხსასროლი იარაღი, რომელიც „არაქურდული ტრადიციების მიმდევარმა“ თემურ ბერძენიშვილმა სოფელ ახალბედისეულში ე.წ. საქმის გარჩევაზე თავდაცვის მიზნით გამოიყენა, პოლიციამ ბერძენიშვილის სახლის ჩხრეკისას ამოიღო. დაკავებული იქნა თვითონ თემურ ბერძენიშვილიც, მაგრამ იგი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს. ავტომატი კი უვარგისი აღმოჩნდა, რადგან იქიდან დეტალი – ე.წ. ნემსა ამოღებული იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, „ნემსა“ ხონის პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ცეცხლასასროლი იარაღიდან ბერძენიშვილის გამართლების მიზნით. დაკავებული იყვნენ ძმები უგულავებიც, თუმცა არ კონკრეტდება – რა მიზნით. ფაქტია, რომ ძმებმა უგულავებმა „კარგი ჩვენების“ მიცემის სანაცვლოდ თავი იმართლეს და გათავისუფლდნენ. წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ „ქურდული ტრადიციების მატარებლები“ დარჩნენ.

ახალი ამბები