ზეწოლა „თავისუფალ გაზეთზე“ გრძელდება
„თავისუფალი გაზეთი“ ჟვანიასთან დამარცხდა. გაზეთმა პრემიერ მინისტრს 5 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს.
ზურაბ ჟვანიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ „თავისუფალ გაზეთში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ყალბი და არ შეესაბამება სიმართლეს.
„თავისუფალმა გაზეთმა“ ჟვანია ფეხბურთის ფედერაციის, რკინიგზის დეპარტამენტისა და „მადნეულის“ ლობირებაში დაადანაშაულა. ამავე გაზეთის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიამ შპს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასანიშნ ტენდერში გამარჯვებულ გიორგი ლეჟავას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობის საფასურად ორი მილიონი ლარის გადახდა მოსთხოვა.
პროცესი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. მოსმენა მოწმეების გარეშე წარიმართა და სახელმწიფო მინისტრის გამარჯვებით დასრულდა. გაზეთმა ვერ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომელსაც სასამართლო ითხოვდა. თავად ჟურნალისტის განმარტება, რომ გიორგი ლეჟავამ პირად საუბარში განუცხადა ჟვანიას მიერ თანხის მოთხოვნის თაობაზე, არ აღმოჩნდა იურიდიული ძალის მქონე, ხოლო შუამდგომლობა ლეჟავას მოწმედ გამოძახების თაობაზე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„თავისუფალი გაზეთი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას, როგორც პრემიერ-მინისტრის ფაქტორი განმსაზღვრელი აღმოჩნდა სასამართლოსათვის. ისინი აპირებენ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საოლქო სასამართლოში გასაჩივრებას.