ასლან აბაშიძე გადადგა
„ქართველებო, ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“,- ასე დაიწყო თავისი მიმართვა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობის მიმართ წუხელ გვიან ღამით, რომელმაც პირველმა ამცნო ხალხს ასლან აბაშიძის გადადგომა. ბათუმში 4 მაისს აგორებული საპროტესტო აქციები 6 მაისს გამთენიისას აჭარის ხელისუფლების გადადგომით დაგვირგვინდა.
ბათუმში გამართული საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად გუშინ თბილისში თავისუფლების მოედანზე მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
5 მაისს უშიშროების საბჭოში შეკრებილ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს აჭარაში მიმდინარე პროცესების მხარდაჭერისა და თანადგომის მიზნით თბილიში სამშვიდობო აქციის გამართვა. თავისუფლების მოედანზე სანთლებით ხელში ერთად შეკრებილი ადამიანები მოითხოვდნენ ასლან აბაშიძის გადადგომას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. აქციაზე ადამინის უფლებათა ორგანიზაციის წარმომადგენებს, კმარას აქტივისტებსა და უბრალო მოქალაქეებს გარდა, იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც სანთლებით ხელში დუმილით ქადაგებდნენ მშვიდობას.