რამ გამოიწვია პატიმრის გარდაცვალება?
მიმდინარე წლის 31 მაისს ოფიციალური ცნობების მიხედვით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა პატიმარი არსენ ხუციშვილი, ხოლო გელა ნიკოლეიშვილისაგან (“ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“) მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პიროვნება გარდაიცვალა თბილისის პირველი საპყრობილის 34-ე საკანში.
გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სახელდება გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, თუმცა ხუციშვილის ახლობლები ეჭვობენ, რომ ბრალდებული აწამეს და მოკლეს. მათი განცხადებით, ბრალდებულს სხეულზე წამების ნიშნები ეტყობა, მისი გარდაცვალება კი მუცელში მაკრატლით მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია.
ხუციშვილის ახლობლებმა დახმარებისათვის მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციას “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გვამის ექსპერტიზა არ ჩატარებულა.