კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტროს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება

5 აგვისტო, 2004

შს სამინისტროს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება

მედია-ნიუსის ინფორმაციით, 2004 წლის 3 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია „ახალი თაობის,“ „ალიას,“ „რეზონანსისა“ და „კვირის პალიტრის“ სტატიების - „პოლიცია პატიმრებს კვლავ აწამებს,“ „ღამის დევნა გამომძალველ პოლიციელებზე,“ „პოლიციამ წამებით ორი კაცი მოკლა“ და „როცა ჩვევა რჯულზე უმტკიცესია,“ ირგვლივ შს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები.

ვინაიდან აღნიშნული სტატიებიდან რამოდენიმეში გამოქვეყნებული იქნა ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელთ არსებული მასალები, ამის გამო ჩვენი ორგანიზაცია თავს ვალდებულად თვლის დააფიქსიროს თავისი პოზიცია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს თუ როგორ „ახლებურად“ მუშაობს პოლიცია. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არც ერთ შეურაცხყოფის ფაქტზე არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურამ ვერ მოუძებნა სახელი და კვალიფიკაცია შეურაცხყოფას და ჩათვალა, რომ ეს არ არის მართლსაწინააღმდეგო და დასჯადი ქმედება. პოლიციელების თამანდებობრივი ბედიც გაურკვეველი და ბუნდოვანია, ანუ ეს სწორედ იმ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც პროკურატურის და შს სამინისტროს ჩვეული, კარგად აპრობირებული მეთოდით დასრულდა.

უფრო მეტიც, გიორგი ლობჟანიძის წამების ფაქტზე, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე და არც ოქმს მოაწერა ხელი, სამსახურებრივი შემოწმების მასალები საქმეში ჩამოიწერა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცემა-წამების შედეგად გიორგი ლობჟანიძემ მიიღო სხეულის უმძიმესი დაზიანებები, წამების შედეგად  უჭირს მეტყველება და აღენიშნება ელექტროშოკით წამების კვალი, რაც დადასტურებულია ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ გაცემული დასკვნით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის იმპერატიული მოთხოვნაა ექსპერტიზის ჩატარება სხეულის დაზიანების სიმძიმის და ხარისხის განსაზღვრის მიზნით და ასეთ შემთხვევაში საქმეს მსვლელობა უნდა მისცემოდა იმისდა მიუხედავად მისცემდა ახსნა-განმარტებას ლობჟანიძე თუ არა. გარდა ამისა, როგორც ყოველთვის, რჩება ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, ვინ არიან დამნაშავე პოლიციელები და რატომ არ ისჯებიან ისინი კანონის შესაბამისად, და თუ სახეზეა წამების ფაქტი, მაშინ რატომ არ არის დამნაშავე?

რაც შეეხება პროკურატურებში და სასამართლოებში შემდგომი სამართლებრივი შეფასების და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაგზავნილ მიხეილ ტალოევის, კახა მელიქიძის, კახა ყიფიანის, აკაკი აბზიანიძის, აწ გარდაცვლილი გიორგი ინასარიძის და ხვიჩა კვირიკაშვილის საქმეებს, ზემოხსენებული სამართალდამცავების მიერ საქმის მიჩქმალვის აპრობირებული მეთოდიდან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს საქმეებიც იგივე ბედს გაიზიარებენ. შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ადამიანთა ცემა-წამებაში და გამოძალვაში მხილებულ პოლიციელთა ნაწილი ან სამსახურიდან დაითხოვა ან თანამდებობრივად დააქვეითა. ისმის კითხვა: თუ აღნიშნული შს სამინისტროს მუშაკების ბრალით მოხდა ზემოთმითითებული ადამიანებისთვის სიცოცხლის მოსპობის ფაქტები, მაშინ რატომ არ იქნა მათ მიმართ გატარებული უფრო მკაცრი ზომები, ვინაიდან ასეთი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დასჯად მძიმე დანაშაულს, ხოლო თუ ისინი ამ ფაქტებთან არანაირ კავშირში არ იყვნენ, რატომ მოხდა მათი სამსახურებრივი დაქვეითება.

ნაცადი ხერხით მოხდა ბონდო თუთაშვილის საქმის დამთავრება, რადგანაც პოლიციის თანამშრომლების მიერ მისთვის მიყენებული შეურცხყოფა მას „დაავიწყდა“ და არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. თუ რამ გამოიწვია მისი მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება რთული მისახვედრი არ არის.

ზემოთაღნიშნულ სტატიებში გაშუქებული საკითხები კვლავ აქტუალურ თემად რჩება. შს სამინისტრო, მსგავსი განცხადებების გაკეთებით, ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ პოლიცია ახლებურად მუშაობს, თუმცა ზემოთმოყვანილი ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

ახალი ამბები