„კორუფციის შემცირებამ ქრთამის ფასი გაზარდა“
თბილისი.27.09.04.მედია-ნიუსი. საქართველოში „ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების ანტიკორუფციულ კამპანიასთან დაკავშირებით სააგენტო „მედია-ნიუსმა“ თბილისში 300 რესპოდენტი გამოკითხა. კითხვაზე - შემცირდა თუ არა საქართველოში კორუფციის მასშტაბები? – 150-მა რესპოდენტმა დადებითი პასუხები გასცა, 108-მ - უარყოფითი, ხოლო 42 რესპოდენტმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
ამ გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით სააგენტომ კომენტარი ექსპერტ-იურისტს ვახტანგ ხმალაძეს სთხოვა.
„წინა ხელისუფლების კორუმპირებულებად შერაცხული წარმომადგენლების მიერ თანხების გადახდის შემდეგ, მოსახლეობამ ჩათვალა, რომ კორუფციის დონე შემცირდა, გამოკითხვის დროს ამიტომ მიიღეთ დადებითი პასუხების მაღალი პროცენტი,“ - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, ისეთ კორუმპირებულ ორგანოში, როგორიც იყო საგზაო პოლიცია, რეორგანიზაციის შემდეგ მართალია, კორუფციული შემთხვევები ძალიან შემცირდა, მაგრამ იქ ჯერ „ახალი ცოცხის“ პრინციპი მოქმედებს. მათ არაკორუმპირებულობაზე ლაპარაკი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იქნა შესაძლებელი.
„მართალია, ქვეყანაში კორუფციის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ქრთამის ფასი ძალიან გაიზარდა,“- განაცხადა ექსპერტმა.