კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იუსტიციის მინისტრის მიერ შეღებილი კედლები ჩამოიშალა“

17 ნოემბერი, 2004

„იუსტიციის მინისტრის მიერ შეღებილი კედლები ჩამოიშალა“

თბილისი.16.11.04.მედია-ნიუსი. „საქართველოში ციხეები ყვარყვარეს საპატიმროს ჰგავს, კარები თუ დაიკეტა, ესე იგი ეტევა,“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, ამჟამად ქვეყანა პიარით იმართება, შესაბამისად, ვითარება უფრო უარესდება, რაც განსაკუთრებით პენიტენციალურ სისტემაზე აისახა.

„ვერ ხერხდება გირაოს ინსტიტუტის განვითარება, რაც შესაბამისად შეამცირებდა წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას. ის, რაც ხდება, გირაოს ინსტიტუტი კი არა, რეკეტია. გაიზარდა პატიმართა რიცხვი და შემიძლია გითხრათ, დღეს წინასწარი დაკავების საკნები გადაჭედილია. იქ გათვალისწინებული 13-ის ნაცვლად, 60 კაცი ათევს ღამეს. ამ პირობების გამო ადამიანები წამების მდგომარეობაში არიან. იმატა კორუფციამაც. „სტავკების“ ოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. ამ ვითარებაზე იუსტიციის სამინისტრო ყურს არ იბერტყავს, ჩვენ კი იმის გამო, რომ ციხეში არ გვიშვებენ, არგუმენტირებული ფაქტების წარდგენას ვერ ვახერხებთ. ნიშანდობლივია, რომ ფაქტების წარდგენა მაშინაც გაძნელდებოდა, რადგან ეს ის ვითარებაა, როცა ფულის გამცემსაც და ამღებსაც არსებული სიტუაცია ხელს აძლევს. წარმოიდგინეთ, 13-კაციან საკანში 60 კაცი ზის, ეს ხალხი ხომ იძულებულია, ზედამხედველს სთხოვოს საკნის გაღება. ზედამხედველმა იცის, რომ ეს კანონდარღვევაა და მას უნდა უღირდეს ამის გაკეთება. შესაბამისად, იზრდება ეგრეთ წოდებული „ობშიაკის თანხები,“- აცხადებს ნანა კაკაბაძე.

„ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ციხეებში პატიმრების მდგომარეობის გაუარესება ადეკვატურად აისახება საზოგადოებაზეც. „ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში არიან პატიმრების ოჯახის წევრები. მხოლოდ „პერედაჩის“ გადაცემის პროცესი რომ ნახოთ, მიხვდებით, რა დონის კორუფცია მძვინვარებს. იუსტიციის სამინისტრომ კი კედლების შეღებვის ნაცვლად, სჯობს, იმ კედლების ამოშენება დაიწყოს, რომლებიც ამ შეღებვის დროს ჩამოიშალა,“- განუცხადა „მედია-ნიუსს“ ნანა კაკაბაძემ. 

მისივე თქმით, თუ სამინისტრო ამ ტემპით გააგრძელებს მუშაობს, დაპირებული ახალი ციხეები აშენებას ხუთ წელიწადშიც ვერ მოასწრებს.

ახალი ამბები