საქართველოში სამუდამო პატიმრობა შესაძლოა ვადიანი პატიმრობით შეიცვალოს
თბილისი.02.12.04.მედია-ნიუსი. ევროპის საბჭოსა და იტალიის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით რომში გაიმართა სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „პირობით ვადამდე გათავისუფლება და ხანგრძლივი (გრძელვადიანი) პატიმრობა.“
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისა და აგრეთვე, ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოების პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელი პირები. ქართულ მხარეს წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა კლდიაშვილი.
კონფერენცია გაიხსნა რომის კოლიზეუმში. მის მონაწილეებს საპატიო აუდიენცია ჰქონდათ რომის პაპთან იოანე-პავლე II-სთან.
კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო პერიოდში მიღებული რეკომენდაცია, რომელიც ევროსაბჭოს წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს ურჩევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე მსჯავრდებულის ექსტრადაციას მის სამშობლოში.
კონფერენციაზე განიხილეს, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლების პროცედურის ლიბერალიზაციისა და პატიმრის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საკითხები.
ლაშა კლდიაშვილის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის (მუდმივი პატიმრობის) ჰუმანიზაციის ტენდენცია. „არ არის გამორიცხული, საქართველომ, გარკვეული წლების შემდეგ, მაგალითი აიღოს ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრი ქვეყნიდან და სამუდამო პატიმრობა შეცვალოს ვადიანი პატიმრობით(20-დან 30-წლამდე),“- თქვა ლაშა კლდიაშვილმა.