კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სულხან მოლაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

18 მარტი, 2005

სულხან მოლაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის
მოლაშვილის საქმეზე მოსამართლე გამოძიების გაჭიანურებას უწყობდა ხელს

კონტროლის პალატის ყოფილმა უფროსმა სულხან მოლაშვილმა, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა.

18 მარტს, 12 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება სასამართლოს გამწესრიგებელი სხდომა. მოლაშვილის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები ლია მუხაშავრია, მანანა კობახიძე და მაკა გიოშვილი.

სულხან მოლაშვილი მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ საჩივრდება.

საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, სულხან მოლაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ პატიმრობის ვადა სამჯერ იქნა გაგრძელებული. სულხან მოლაშვილსა და მის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ გამომძიებლის არც ერთი შუამდგომლობა პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ არ იყო დასაბუთებული და საფუძვლიანი. ადგილი ჰქონდა გამოძიების განზრახ გაჭიანურებას, რასაც პირდაპირ უწყობდა ხელს მოსამართლის მიერ პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ უკანონო ბრძანებები. მოსამართლემ არ იმსჯელა მოლაშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობაზე და მექანიკურად გაიზიარა გამომძიებლის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები.

სულხან მოლაშვილი თვლის, რომ მოსამართლის ბრძანებებით უკანონოდ შეეზღუდა თავისუფლება, რის გამოც დღემდე იმყოფება პატიმრობაში.  მიუხედავად ამისა, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ, 243-ე მუხლის მე-11 ნაწილი მას ართმევს შესაძლებლობას, სადაო გახადოს მოსამართლის ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ და გაასაჩივროს თუნდაც ერთ სასამართლო ინსტანციაში.

- აღნიშნული მუხლი იმპერატიულად კრძალავს პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების დასაბუთებულობისა და კანონიერების გასაჩივრებას. ჩემს შემთხვევაში, სწორედ დასაბუთებულობა და კანონიერება მიმაჩნია სადავოდ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი არანაირ დათქმას არ შეიცავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და განსაზღვრავს, რომ პირს შეუძლია თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლოსადმი მიმართვა კი გულისხმობს შესაბამის ორგანოთა უკანონო ქმედებებისა თუ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას. ჩემს შემთხვევაში, არ მომეცა საშუალება, გამესაჩივრებინა მოსამართლის ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ და დამეცვა კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული პირადი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება. აღნიშნულით კი ჩემს მიმართ დაირღვა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი (ყველას აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს). რომ მომცემოდა ჩემ მიმართ გამოტანილი უკანონო ბრძანებების გასაჩივრების უფლება, შევძლებდი, დამემტკიცებინა გამოძიების შუამდგომლობის სრული უსაფუძვლობა და მოსამართლის ბრძანების უკანონობა, რასაც შედეგად მოჰყვებოდა დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩემი გათავისუფლება, - წერს სულხან მოლაშვილი საკონსტიტუციო სარჩელში.

პატიმრობის ვადის გაგრძელებით, სულხან მოლაშვილის მდგომარეობა აშკარად უარესდება და ამავე დროს კანონით ერთმევა პირადი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობა, რაც პირდაპირ არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლსაც.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის I პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ყველა სხვა სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ყველა სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ხელყოფს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას ცნობილი უნდა იქნას არაკონსტიტუციურად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სულხან მოლაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს მიიღოს და განიხილოს მისი კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-11 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის I პუნქტთან მიმართებაში.

დამატებითი ინფორმაცია: სულხან მოლაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე, მოითხოვა სასამართლო პროცესზე უშუალო დასწრება. კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს, უარი უთხრას მოსარჩელეს პროცესში მონაწილეობაზე. საკონსტიტუციო სასამართლო მოვალეა, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს, უზრუნველყოს მოსარჩელის (ამ შემთხვევაში პატიმარ მოლაშვილის) სასამართლო პროცესზე მიყვანა. იუსტიციის სასამართლოს კი არა აქვს უფლება არ შეასრულოს სასამართლოს მოთხოვნა. ასე რომ, სავარაუდოდ სულხან მოლაშვილი უშუალოდ დაესწრება სასამართლო პროცესს და მონაწილეობას მიიღებს საკუთარი სარჩელის განხილვაში.


 

ახალი ამბები