კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"საქართველოს მედიაკლუბის" პროტესტი

10 ივნისი, 2005

"საქართველოს მედიაკლუბი" საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრთა დამტკიცების პროცედურას აპროტესტებს

3 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ სამ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს და სამი მათგანი _ ლევან თარხნიშვილი, მამუკა ხერხეულიძე და რუსუდან სებისკვერაძე სამეურვეო საბჭოს წევრებად დაამტკიცა.
 მიუხედავად იმ დიდი ინტერესისა, რაც საქტელერადიომაუწყებლობის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის პროცესში არსებობს, საზოგადოებრივი ტელევიზიის სტრუქტურის ფორმირებამ უკვე მიიღო დამახინჯებული სახე. 22 აპრილს საქართველოს პარლამენტმა საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაამტკიცა ექვსი მეურვე (შეგახსენებთ, რომ კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებს სამეურვეო საბჭოს წევრობაზე წარდგენილი კანდიდატების 18-კაციანი სიის ნაცვლად, ცხრაკაციანი სია დაურიგეს). მიუხედავად ამ, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო ინციდენტისა, ხელისუფლებამ ამჯერადაც საჭიროდ არ ჩათვალა, საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს დარჩენილი სამი წევრის შერჩევა ღიად და კანონით დადგენილი ყველა პროცედურის დაცვით მომხდარიყო:

საქართველოს პრეზიდენტს (კანონის მოთხოვნის მიუხედავად) არ გამოუცხადებია ხელახალი კონკურსი, სადაც თავიდან მოხდებოდა კანდიდატურების წარდგენა. მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 22 აპრილის კენჭისყრისას ჩავარდნილი კანდიდატურები ხელმეორედ წარუდგინა.

უცნაურია, რომ საქართველოს პარლამენტს, წინა განხილვებისგან განსხვავებით, კანდიდატურებზე, პრაქტიკულად, არ უმსჯელია. დეპუტატები მეურვეთა კანდიდატებს შუადღისას, ფაქტობრივად, ცაიტნოტურ მდგომარეობაში, შეხვდნენ, საღამოს კი პლენარულ სხდომაზე სახელდახელოდ უყარეს კენჭი.

საეჭვოა ისიც, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრთა კენჭისყრა მაინცდამაინც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა დამტკიცებას დაამთხვია. ანუ მაშინ, როცა საზოგადოების ყურადღება სწორედ ამ თემისკენ იყო მიმართული. 

მიუხედავად იმისა, რომ კანონი "მაუწყებლობის შესახებ" არ კრძალავს პრეზიდენტის მიერ მეურვის კანდიდატურის ხელმეორედ წარდგენას, საინტერესოა, რამდენად გამართლებულია ერთხელ ჩავარდნილი კანდიდატურის პარლამენტში ხელმეორედ "შებრუნება". რამდენად ექნება ამგვარად არჩეულ მეურვეს საზოგადოებისგან ნდობის მანდატი და რამდენად იქნება იგი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი? დღევანდელ სამეურვეო საბჭოში ერთხელ დაწუნებული და "მეორე წრეზე" გასული ორი წევრია _ მამუკა ხერხეულიძე და ლევან თარხნიშვილი.

დაბოლოს, 21 აპრილს უმრავლესობის სხდომაზე "შემთხვევით" დარიგებულ ცხრაკაციან სიასა და სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის შვიდი მათგანი _ ნინო ანანიაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ფრიდონ თოდუა, თამარ კინწურაშვილი, გია ნოდია, ალექსანდრე რონდელი და მამუკა ხერხეულიძე _ საეჭვოდ ემთხვევა. ვიმედოვნებთ, ეს "შემთხვევითი დამთხვევა" სამეურვეო საბჭოს წევრებს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელისშემშლელ პირობად არ გადაექცევათ.

"საქართველოს მედია-კლუბი" შეშფოთებულია იმის გამო, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ტელევიზიის რეფორმირების პროცესს საფუძველშივე მისცა მახინჯი ფორმა, ეს ქმნის საშიშროებას, რომ საბოლოო ჯამში მაყურებელს, შესაძლოა, მხოლოდ სახელშეცვლილი პირველი არხი შერჩეს ხელში.

"საქართველოს მედიაკლუბი"

ახალი ამბები