„იეჰოვას მოწმეებზე“ თავდასხმები გახშირდა
თბილისი.13.07.05.მედიანიუსი. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 26 ივნისს ქუთაისში, გ. ტაბიძის ქუჩის #44-ში მდებარე სახლის ჭიშკართან შეიკრიბა 50-60-მდე ადამიანი, რომლებიც სახლის პატრონთა ფიზიკური ლიკვიდაციისა და სახლის გადაწვის მუქარით შენობაში საწყებული სარემონტო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვდნენ. სახლის ახალი მეპატრონეები “იეჰოვას მოწმეები” არიან. შეიქმნა ფიზიკური ანგარიშწორების რეალური საფრთხე და იეჰოვას მოწმეებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, პატრულის თანამშრომლებმა დამნაშავეთა დაკავების ნაცვლად, ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში თავად იეჰოვას მოწმეები ხ. ნორაკიძე და თ. ჩოგოვაძე წაიყვანეს, სადაც ჩამოართვეს პირადობის და მართვის მოწმობები, ხოლო ინსპექტორმა შამილ რობაქიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, სახლისა და მეპატრონეთა დარბევა ყოველდღიურად გრძელდებოდა. ამ შეკრებებისას განსაკუთრებით აქტიურობდა და თავდამსხმელებს აქეზებდა ადგილობრივ მართლმადიდებელი მღვდელი ზოსიმე. 5 ივლისს, ვითარებაში გასარკვევად სახალხო დამცველის წარმომადგენლები ქუთაისში ჩავიდნენ, რაც იეჰოვას მოწმეების მიმართ ანგარიშსწორების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. „იმავე ღამით, რამდენიმე პიროვნებამ სახლში მყოფ ადამიანებს აგურები დაუშინა, როგორ გაბედეთ სახალხო დამცველთან ჩივილიო. არიან დაზარალებულები, ჩამტვრეულია ფანჯრის მინები“, - ამბობს სუბარი. დღეისთვის არცერთი თავდამსხმელი არ არის დაკავებული, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მხოლოდ 5 ივლისის ღამეს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.