კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთ ქართულ საქმეს განიხილავს

6 ოქტომბერი, 2005

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთ ქართულ საქმეს განიხილავს

სტრასბურგი, 05.10.2005 - პირველ საქმეში განმცხადებლები არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «ამატ-ჯი » და საქართველოს მოქალაქე ვაჟა მებაღიშვილი, დაბადებული 1960 წელს, მცხოვრები ქ. თბილისში. იგი არის შპს «ამატ-ჯი»-ს გენერალური დირექტორი.  

მეორე საქმეში განმცხადებლები არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «იზა» და საქართველოს მოქალაქე ნოდარ მაკრახიძე, დაბადებული 1956 წელს, მცხოვრები ქ. თბილისში. იგი არის სამშენებლო კომპანია «იზა»-ს დამფუძნებელი დირექტორი.

შპს «ამატ-ჯი» - 1998-1999 წლებში შპს «ამატ-ჯი»-მ თევზის სხვადასხვა პროდუქციით მოამარაგა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. გამომდინარე იქედან, რომ სამინისტრომ კომპანიის მიერ გაწეული მომსახურეობის საფასური სრულად არ გადაიხადა, განმცხადებლებმა 1999 წლის ოქტომბერში ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და მისგან გამოწვეული ზიანისათვის სარჩელი აღძრეს სამინისტროს წინააღმდეგ. 1999 წლის 6 დეკემბერს ეროვნულმა სასამართლომ განაჩინა, რომ სამინისტროს უნდა გადაეხადა კომპენსაცია. აღსრულების პროცესი დაიწყო, მაგრამ ვალი არ იქნა გადახდილი.

შპს «იზა» - 1998 წლის ივლისში კომპანიის დერექტორმა სახელმწიფო სკოლასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის შენობის შეკეთებას. ხელშეკრულების თანახმად განათლების სამინისტროს უნდა ჩაერიცხა თანხა განმცხადებელი კომპანიის ანგარიშზე. მოგვიანებით განმცხადებლებმა მიიღეს ხელშეკრულების საერთო თანხაზე დაფუძნებული საგადასახადო დეკლარაცია მაშინ, როდესაც კომპანიამ სამინისტროსაგან მიიღო მხოლოდ და მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი თანხის ნაწილი. განმცხადებელი კომპანია ასაჩივრებდა, რომ ვალის გადაუხდელობის გამო იგი სირთულეებს წააწყდა ბიზნესის წარმართვაში.

მართალია განათლების სამინისტროს წინააღმდეგ 2001 წლის მაისში აღძრული სარჩელი დაკმაყოფილებულ იქნა ეროვნული სასამართლოს მიერ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებები ვალის გადახდასთან დაკავშირებით არ იქნა აღსრულებული. შესაბამისად, კომპანიამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით მიმართა პროკურატურას, რომელმაც გამოიტანა დადგენილება, რომ დაუშვებელი იყო კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინაიდან არ აღსრულება გამომდინარეობდა სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების არარსებობიდან.

განმცხადებელი კომპანიები ასაჩივრებდნენ, რომ ხელისუფლების ორგანოებმა არ აღასრულეს განაჩენები მათ სასარგებლოდ და, რომ მათ არ გააჩნდათ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ სასამართლოს გადაწვეტილებით განსაზღვრული ვალის გადაუხდელობით მათ ჩამოერთვათ თავიანთი საკუთრება. განმცხადებლები ეყრდნობდნენ მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს (გონივრულ ვადაში საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-13 მუხლს (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), # 1 დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლსა (საკუთრების დაცვა) და შპს «ამატ-ჯი»-სთან მიმართებაში ასევე მე-17 მუხლს (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული გარემოებები მხოლოდ და მხოლოდ განმცხადებელ კომპანიებთან იყო პირდაპირ შემხებლობაში და, შესაბამისად, მხოლოდ მათი განაცხადები გამოცხადდა არსებით განხილვაზე დაშვებულად. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად შპს `ამატ-ჯი~-ს მიერ აღძრული საჩივრები, რომლებიც ეხებოდა 2002 წელს ეროვნული სასამართლოს წინაშე გამართულ სამართალწარმოებას, ისევე როგორც მე-17 მუხლის თანახმად წარდგენილი საჩივრები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე იყო სახელმწიფო დაწესებულებების წინააღმდეგ გამოტანილი საბოლოო განაჩენების აღუსრულებლობის გავრცელებული პრაქტიკა, რაც აღიარებულ იქნა ხელისუფლების მხრიდანაც. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან შპს «ამატ-ჯი»-სთან მიმართებაში ხუთი წლისა და რვა თვის განმავლობაში და შპს «იზა»-სთან მიმართებაში ოთხ წელზე მეტი ხნით განაჩენების აღუსრულებლობამ განაპირობა ყველანაირი სასარგებლო ეფექტიანობის ჩამოშორება მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისათვის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლებისათვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იყო აღმასრულებლის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების აღძვრა, საფუძველს მოკლებული იყო, რადგანაც განაჩენის აღსრულება დამოკიდებული იყო საბიუჯეტო სახსრებზე და არა თვით აღმასრულებლის ქმედებაზე. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელ კომპანიას არ გააჩნდა სამართლებრივი დაცვის საშუალება.

დამატებით სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელი კომპანიების სასარგებლოდ საბოლოო განაჩენების არ აღსრულება წარმოადგენდა მათი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევას.

შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-13 მუხლისა და # 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.

სასამართლომ მიანიჭა:

შპს «ამატ-ჯი»-ს _ 200,000 ევრო განცდილი მატერიალური ზიანისათვის და 2,000 ევრო გაწეული ხარჯებისათვის; 

შპს «იზა»-ს _ 10,000 ევრო განცდილი მატერიალური ზიანისათვის, 1,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის და 2,050 ევრო გაწეული ხარჯებისათვის.

(განაჩენები ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე).


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge

ახალი ამბები