აფხაზებმა გატაცებული გიორგი ჭოლარია გაათავისუფლეს
თბილისი.06.10.05.მედიანიუსი. ჭუბურხინჯში ტრადიციულ ოთხმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს. როგორც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში ქართული მხარის სამხედრო დამკვირვებელმა ვალერი ჯაფარიძემ `მედიანიუსს~ განუცხადა, 16 სექტემბერს გალის რაიონის სოფელ პირველი თაგილონიდან გატაცებული გიორგი ჭოლარია გათავისუფლებულია.
მისმა ოჯახის წევრებმა გამტაცებლებს 40 ათასი ლარი გადაუხადეს. სხდომაზე აფხაზურმა მხარემ პირობა დადო, რომ საქმეს გამოიძიებდა, თუმცა როგორც ვალერი ჯაფარიძე აცხადებს, ჭოლარიები გალის მილიციას უნდობლობით ეკიდებიან, რის გამოც გამოძიების პროცესი ფერხდება და დღემდე უცნობია, თუ კრიმინალთა რომელ ჯგუფს ჰყავდა ჭოლარია მძევლად აყვანილი.
რაც შეეხება ვითარებას კონფლიქტის ზონაში, ვალერი ჯაფარიძე აცხადებს, რომ განვლილმა კვირამ მშვიდად ჩაიარა.