სახალხო დამცველის აპარატმა ფსიქიატრიული საავადმყოფოების შემოწმება დაიწყო
თბილისი.11.11.05.მედიანიუსი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა არასამთარვობო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოების შემოწმება დაიწყეს.
15-კაციანი კომისია თავდაპირველად, გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს შეამოწმებს. როგორც „მედიანიუსს“ სახალხო დამცველის აპარატის განათლებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ანა ჟვანიამ განუცხადა‚ საავადმყოფოების შემოწმების პროგრამა საპილოტე (ანუ საცდელ) სტადიაშია.
„თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა სპეციალური კითხვარი‚ რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს თანამშრომლებს შესავსებად გადაეცემათ. კითხვარი გათვლილია ოთხ სუბიექტზე: ადმინისტრაცია‚ ექიმი‚ მედ-პერსონალი (მედდა‚ სანიტარი) და პაციენტი. ისინი კითხვარს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეავსებენ‚ რის შემდეგაც კომისია მათ ხელთ არსებული მასალის შესაბამის ანგარიშს დაწერს“‚ _ განაცხადა ანა ჟვანიამ.
მისივე თქმით‚ საპილოტე პროგრამა გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უახლოეს ერთ კვირაში დასრულდება‚ რის შემდეგაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს შეამოწმებენ.
„კომისია გარდა იმისა‚ რომ დაწერს ანალიზს‚ მოამზადებს სარეკლამო პლაკატს‚ რომელშიც ყველა იმ დარღვევის შესახებ იქნება საუბარი‚ რომელიც ასეთ საავადმყოფოებში გვხვდება‚“ _ განაცხადა ანა ჟვანიამ.