კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცენზურის მცდელობა აჭარის ტელევიზიაზე

14 ნოემბერი, 2005

ცენზურის მცდელობა აჭარის ტელევიზიაზე

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აჭარის უმაღლესი საკონანონდებლო ორგანოს უმრავლესობას ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის რამდენიმე წევრმა აჭარის ტელევიზია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არხი მათ სათანადო საეთერო დროს არ უთმობს. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “გამარჯვებული აჭარის” წევრ ავთანდილ ბეჟანიძის თქმით: “ტელევიზიას თავისი პოზიციები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ როცა ეს ტელევიზია ჩვენს მიერ ფინანსდება, მთავრობა ჰყოფს თანხას და ჩვენ ვამტკიცებთ, ის ჩვენს წინააღმდეგ არ უნდა გამოდიოდეს და პირველ რიგში არ უნდა აჩვენებდეს ოპოზიციას. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციაც უნდა იყოს და უმრავლესობაც აკეთებდეს კომენტარებს”.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძემ კი განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა იმის შესახებ, რომ ტელევიზიის დირექტორი  რესპუბლიკური პარტიის წევრია.

„დეპუტატებს თუ გონიათ, რომ ხალხს აინტერესებს ამა თუ იმ კანონის ა და ბ პუნქტში შეტანილი ცვლილებები, ძალიან ცდება. ხალხს აინტერესებს ეს ცვლილებები მაშინ, როცა თუ ეს უშუალოდ მას ეხება. დეპუტატები არ უნდა ერეოდნენ ჟურნალისტის ფუნქციაში. ეს არის ზეწოლის მცდელობა და ჩვენ ამ შენიშვნების გათვალისწინებას არ ვაპირებთ“, - ამბობს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია ზოიძე. ტელევიზიის დირექტორმა ევგენი თავდგირიძემ კი აღნიშნა, რომ ის ტელევიზიაში პარტიული ნიშნით არ მისულა, ამ ნიშნით არ მუშაობს და არც მომავალში აპირებს.

აჭარაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ფაქტს დღესვე მწვავე შეფასება მისცეს.

„როგორც ჩანს აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს უნდა ჩაუტარო სემინარი, რა არის სიტყვის თავისუფლება და როგორ ყალიბდება ბიუჯეტი“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ასლან ჭანიძემ

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, უკმაყოფილებას აქამდე დეპუტატები სატელეფონო ზარებით გამოხატავდნენ. ნათია ზოიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის მხრიდან ზეწოლის მცდელობა არ ყოფილა.

აჭარის ტელევიზიაში არსებული ცენზურის გამო პროტესტი რამდენიმე თვის წინ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნატა იმედაიშვილმა გამოთქვა. ამ ფაქტის შემდეგ აჭარის მთავრობამ ტელევიზიის დირექტორი ზაზა ხალვაში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტელევიზიის ახალმა ხელმძღვანელმა ევგენი თავდგირიძემ კი თანამდებობა ნატა იმედაიშვილს დაატოვებინა.

ხვალ, 12 საათზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდას იწვევს.

 „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

ახალი ამბები