კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახელები შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ და მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან

16 მარტი, 2006

კახელები შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ და მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან

გუშინ, ქ. გურჯაანში, სადისტურად მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების თანამდებობებიდან გადაყენებისა და დასჯის მოთხოვნით, კახეთის რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო, მედიისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, პედაგოგებმა და სხვებმა აქცია გამართეს, სადაც შს მინისტრის თანამდებობიდან მოხსნაც მოითხოვეს.
 
„აქციის მიზანია, ქვეყნის სათავეში დემოკრატიული ლოზუნგებით მოსულ ხელისუფლებას, რომელიც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან უდანაშაულო მოქალაქეთა ადგილზე ლიკვიდაციის ბრძანებებს იძლევა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, სასწრაფოდ შეწყდეს მსგავსი ბარბაროსული ფაქტები და იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც უკვეთავენ ან უშუალოდ ხოცავენ ადამიანებს, სხვადასხვა მიზეზებით არ იძიებენ საქმეებს, რომლებშიც მათი მეგობრები არიან გარეულნი, პასუხი აგონ კანონისა და საზოგადოების წინაშე“,- განაცხადეს ჩვენთან საუბარში „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციოს ცენტრის“ იურისტმა ლია ხუროშვილმა და ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ტალიურმა.

მოგვიანებით აქციას შვილმკვდარი და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ოჯახის წევრებიც  შეუერთდნენ. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ სპეცოპერაციისას მოკლული აკაკი კორკოტაშვილის დედამ განუცხადა, მისი შვილი პოლიციის მაღალჩინოსნებმა გასულ წელს მოკლეს. „გურჯაანის პოლიციის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ გელა ბაწაშვილმა ჩემი უიარაღო შვილი სპეცოპერაციის დროს ხალხის თვალწინ ჩაცხრილა. მოწმეც კი არსებობს, რომელიც ამას დაადასტურებს. ცნობილია ისიც, რომ სამართალდამცავებს მკვლელობა წინასწარ ჰქონდათ ორგანიზებული, მათ სხვა დანაშაულებებიც აქვთ ჩადენილი. სად აღარ ვიყავი, ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს“,- აღნიშნა მზია კორკოტაშვილმა.

დასასრულს აქციის მონაწილენი ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ გასულ კვირას მიღებულ და გავრცელებულ მოთხოვნებს შეუერთდნენ. „მოვითხოვთ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ყველა დამკვეთი და შემსრულებელი. თუ ეს უახლოეს რამდენიმე დღეში არ მოხდება, ჩვენ ვაყენებთ შინაგან საქმეთა მინისტრის, როგორც დამნაშავეთა მფარველის პასუხისმგებლობის საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში კახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყება“,- განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები