კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი „ნაციონალ“ დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის საკითხის შესწავლას ითხოვს

4 აპრილი, 2006

სოზარ სუბარი „ნაციონალ“ დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის საკითხის შესწავლას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს შიდა ქართლის ტელეკომპანია „თრიალეთის“, აგრეთვე გაზეთ „თრიალეთის“ ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა დახმარებისათვის მიმართეს. ჟურნალისტების განცხადებით, ძმებ ნანეტაშვილების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათი უფლებების დარღვევას.

ჟურნალისტების განმარტებით, გაზეთისა და ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტები ითავსებდნენ რამდენიმე თანამდებობას, რისთვისაც მათ დამატებითი გასამრჯელო არ მიუღიათ. ჟურნალისტებს ხშირად უწევდათ მუშაობა ტელევიზიის შენობის მშენებლობისას, ბაღის გამწვანებისას. მუშაობდნენ აგრეთვე გაზეთის დისტრიბუტორებად. ამასთან გენერალური დირექტორის მითითებით ეწეოდნენ ბიზნესმენებისა და გამგებლების დაშანტაჟებას, რათა მათ გადაეხადათ სარეკლამო მომსახურების თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავალებული ჰქონდათ, დამუქრებოდნენ მათ კომპრომიტირებული სიუჟეტების გაკეთებით. ჟურნალისტებს, რომლებიც ამას ვერ ახერხებდნენ, ხელფასიდან ექვითებოდათ გარკვეული რაოდენობის თანხა. ამას გარდა სამუშაო თათბირებისა და შეხვედრების დროს მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ჟურნალისტების თქმით, ისინი არ სარგებლობდნენ ანაზღაურებადი შვებულებით, არ ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულება, არ არსებობდა სახელფასო უწყისი. ხელფასის აღება ხდებოდა ხელიდან ხელში ბადრი ნანეტაშვილის კაბინეტში და არსად არ ფიქსირდებოდა.

ჟურნალისტებმა ბადრი ნანეტაშვილის მხრიდან ფინანსური დარღვევების შესწავლის მიზნით, შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსს ზურაბ არსოშვილს მიმართეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება, თუმცა არსოშვილმა ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახსნა განმარტება ჩამოართვეს ტელე-რადიო-კომპანია „თრიალეთის“ გენერალურ დირექტორს ჯონი ნანეტაშვილს. ნანეტაშვილის განმარტებით, თრიალეთში მართლაც არ არსებობდა შრომითი ხელშეკრულებები, რადგან თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება ხდებოდა ბრძანების საფუძველზე. იგი ადასტურებს რომ არ არსებობს სახელფასო უწყისები, თუმცა საშემოსავლო გადასახადებს იხდის.

ნანეტაშვილი ადასტურებს, რომ ჟურნალისტები ასრულებდნენ სხვა სამუშაოებსაც, თუმცა ეს ხდებოდა ნებაყოფლობით. ჯონი ნანეტაშვილი უარყოფს მეწარმეების დაშანტაჟების ფაქტს.

სახალხო დამცველმა მოპოვებული მასალები ბადრი ნანეტაშვილის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების საკითხის შესწავლისა და შემდგომი რეაგირების რეკომენდაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს გადაუგზავნა.

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ წლების განმვალობაში პირადად უხდებობდა ტელეკომპანია „თრიალეთის“ დაცვა, თუკი მას პრობლემები ექმნებოდა. „ამჯერად კი, როგორც მასალებით ირკვევა, პარლამენტარი ნანეტაშვილი უხეშად არღვევს ადამიანის და ჟურნალისტის უფლებებს, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პარლამენტში „ნაციონალური პარტიის“ სიით გასულ ბადრი ნანეტაშვილის უფლებამოსილების საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ორი დღის წინ  შიდა ქართლის პროკურატურამ ქარელის რაიონის გამგეობიდან ფინანსური დოკუმენტაცია გაითხოვა. სამართალდამცავების აზრით, ქარელის გამგეობაში დაფიქსირებულ ფინანსურ დარღვევებზე შესაძლოა გარკვეული წვლილი წარმოშობით ქარელელ დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილსაც ჰქონდეს.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები