თბილისის ცენტრში სპეცოპერაციისას ორი ეჭვმიტანილი დაიღუპა
თბილისი.02.05.06.მედიანიუსი. დღეს დილით შსს-ის კრიმინალურმა დეპარტამენტმა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ორი და მძიმედ არის დაჭრილი ერთი ეჭვმიტანილი.
როგორც "მედიანიუსს" შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა უთხრა, "ბმვ"-ეს ტიპის ავტომანქანაში მყოფი სამივე პირი რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. "აღნიშნული სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი ძალიან სერიოზული კრიმინალური ავტორიტეტია. ერთ-ერთი ახალი გამოსულია ციხიდან. სპეცოპერაციის დროს მათ მოახდინეს გასროლა ჩვენი მანქანის მიმართულებით. მსუბუქად დაშავდა პოლიციის ერთი თანამშრომელი. მათი მხრიდან დაღუპულია ორი და დაჭრილია ერთი ბოროტმოქმედი", - აღნიშნა შოთა ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა გვარებს შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტი ოფიციალური განცხადების გაკეთებისას დაასახელებს.
"მიმაჩნია, რომ ოპერაცია ისე უნდა დაეგეგმათ, რომ აეყვანათ. საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს კითხვები, სამართალდამცავები სწორედ მოიქცნენ თუ არა", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ.