სახაზინო ადვოკატები სახალხო დამცველს შეხვდნენ
თბილისი.05.05.06.მედიანიუსი. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის წარმომადგენლები სახალხო დამცველს სოზარ სუბარს შეხვდნენ და მათ საადვოკატო პრაქტიკაში არსებული პრობლემები გააცნეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საჭირბოროტო საკითხებს, რომელთაც ადვოკატები სამართალწარმოების პროცესში აწყდებიან. მათი შეფასებით, სასამართლო ბრალდებულების წინააღმდეგ, ძირითადად, აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების სანქციას იყენებს. პრობლემათა შორის დასახელდა ის გარემოებაც, რომ ხშირად სასამართლო პროცესები ჭიანურდება და მხარეებს სხდომის დაწყებამდე საათობით უწევთ ლოდინი.
სახალხო დამცველი და საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის წარმომადგენლები, მართლმსაჯულების სფეროში შექმნილი სისტემური პრობლემების გამოსწორების მიზნით, ინფორმაციათა გაცვლასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.