კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ურჩ ბიზნესმენებს პეტრე ცისკარიშვილისა და თელავის გამგებლის დაკვეთით აპატიმრებენ

12 მაისი, 2006

კახეთში ურჩ ბიზნესმენებს პეტრე ცისკარიშვილისა და თელავის გამგებლის დაკვეთით აპატიმრებენ

დღეს, გურჯაანში, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ოფისში, ბოლო დროს, კახეთის რეგიონში ბიზნესმენთა მასობრივ დაპატიმრებებთან  დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციას მცირე ხნის წინ დაკავებული ჯუმბერ დარჩიაშვილის მეუღლე ლია ცაბუტაშვილიც დაესწრო, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი მეუღლე, პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პეტრე ცისკარიშვილის უშუალო დაკვეთით დააპატიმრეს. „ჩემს მეუღლეს ედავებიან 1997 წელში, თელავის რაიონის გამგეობის კულტურის განყოფილების გამგეობისას, სახელმწიფო თანხების გაფლანგვას, რაც მას არ ჩაუდენია. გარდა ამისა, საკითხი ხანდაზმულია და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის მიმართ პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას არ უნდა აწარმოებდეს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ, დაკავებულს ბრალი დაუმძიმონ. დღეს სასამართლო პროცესი იყო დანიშნული, თუმცა ჩემი მეუღლე ბადრაგმა გაურკვეველი მიზეზების გამო არ ჩამოიყვანა. მოსამართლემ წინა პროცესზე უარი გვითხრა აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 50 ათასი ლარის გირაოთი შეეცვალა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ კახეთის გუბერნატორმა პეტრე ცისკარიშვილმა სახელმწიფოს სახელით, კრიმინალების გზით თუ სხვაგვარად, თელავის აგრარული ბაზარი წაგვართვას. ჩემს მეუღლეს ციხეში ორმა კრიმინალმა და ცნობილმა ავტორიტეტმა, რომელთაც ვერ დავასახელებ, პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ბაზარს დავთმობთ, პრობლემები აღარ გვექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის აწიოკებით დაგვემუქრნენ, რომელსაც ყოველ წუთს ველოდებით. პროტესტის ნიშნად,  მალე მეც და ჩემი შვილებიც უარს ვიტყვით საქართველოს მოქალაქეობაზე და სხვა ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვთ, რადგან ჩვენ აქ გვდევნიან“,- განაცხადა ლია ცაბუტაშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ დაკავებულ ჯუმბერ დარჩიაშვილს, მამამისის თენგიზ დარჩიაშვილის კუთვნილებაში არსებული ბაზრის დათმობა ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, შოთა ჭიჭიაშვილმა და ვინმე კერესელიძემ შეუთვალეს.

დარჩიაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულის უსაფრთხოებას შესაძლოა სერიოზული საფრთხე დაემუქროს. ამის გამო ისინი დახმარებას საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს, სახალხო დამცველ სოზარ სუბარს, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სთხოვენ. 

კახეთის გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მას დარჩიაშვილებისა და თელავის აგრარული ბაზრის მიმართ პირადი ინტერესი არ აქვს, თუმცა მისი თქმით, დარჩიაშვილებს თავის დროზე ბაზარი კანონდარღვევით აქვთ ნაყიდი, თანაც „ცუდი გადამხდელები“ არიან და ამის გამო მათ საწარმო უნდა ჩამოერთვათ და მისი ხელახლა პრივატიზება მოხდეს.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ გმობს უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ბიზნესმენთა თუ მათი ოჯახის წევრთა დაპატიმრებებს, დაკავებულების ახლობელი ადამიანების დაშინებისა და მუქარის ფაქტებს და შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს. 

ახალი ამბები