დაზარალებული მოსახლეობა შველას ითხოვს
გადაუღებელი წვიმების შედეგად ლაგოდეხის რაიონი მძიმე ეკოლოგიურ საფრთხეშია. ადიდებული მდინარეებიდან წყალმა სოფლებს შეუტია. აფენსა და ჰერეთისკარში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები. მთლიანად განადგურდა ნათესეულობა. ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს ხელისუფლების უყურადღებობის გამო და ღამის ქუჩაში გათევას აპირებს. „წასასვლელი არსად მაქვს. თითქმის მთელი სოფელი წყალშია. სტიქიამ აღარც ლოგინი შეგვარჩინა, აღარც ჯამ-ჭურჭელი და აღარც სხვა საოჯახო ნივთები. რაიონის გამგებელი თამაზ გოძიაშვილი და რეგიონის გუბერნატორი მხოლოდ შუადღის შემდეგ ჩამობრძანდნენ სოფელში და ორი ტრაქტორი მოიყვანეს. გუბერნატორს შევჩივლეთ, წყალმა ყველაფერი წაგვართვა და რა გვეშველება-მეთქი. იცით, რა მითხრა, მე ჩემს ხელფასს შენ ვერ მოგახმარებ, ოთხ კილო ფქვილსა და ზეთს მოგცემთ და თავი როგორმე გაიტანეთო. მართლა არაფერი აღარ გვაქვს და ოთხი კილო ფქვილი გვიშველის?“- შეშფოთებულია ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედა დოდო კაპანაძე.
დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ მდინარეები კვლავ ადიდებულია და დატბორილი სოფლიდან ევაკუციას თავად ცდილობენ, თუმცა საკუთარ სახლებთან მანქანით მისვლასაც ვერ ახერხებენ.