კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაცია ლაგოდეხის ხელისუფლებას სასამართლოთი ემუქრება

27 ივნისი, 2006

არასამთავრობო ორგანიზაცია ლაგოდეხის ხელისუფლებას სასამართლოთი ემუქრება

ქალაქ ლაგოდეხის საკრებულოს მიერ უკანონოდ აკრეფილი მოსაკრებლები და ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადასახადის არასწორი გამოანგარიშებით მოსახლეობაში დაგროვილი მიწის გადასახადის დავალიანებებები  - ეს ის საკითხებია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“ გამოეხმაურა.

პრესკონფერენციაზე „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ ექსპერტებმა ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილ კანონდარღვევებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქ. ლაგოდეხის საკრებულოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით, უახლოეს ხანში სარჩელით რაიონულ სასამართლოს მიმართავენ.

„საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ ეკონომისტის მამუკა ისკანდარაშვილის თქმით, ქალაქის საკრებულოს მიერ შემოღებულ მოსაკრებელს „ვაჭრობის ნებართვისათვის“, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ სცნობს. „აღნიშნული მოსაკრებელი ქალაქის ტერიტორიაზე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მოქმედებდა. მართალია, ჩვენი ძალისხმევით მის გაუქმებას მივაღწიეთ, მაგრამ უკანონოდ გადახდილი თანხა მოსახლეობას უკან არ დაბრუნებია. ეს თანხა 3000 ლარამდეა. კანონმდებლობის თანახმად, უკანონოდ გადახდილი მოსაკრებელი გადასახადის გადამხდელებს უნდა დაუბრუნდეს, რასაც ქალაქის საკრებულო არ აკეთებს, ეს კი კანონმდებლობის უხეში დარღვევის კონკრეტული ფაქტია“,- აღნიშნა ისკანდარაშვილმა.

„ქალაქის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მიწის გადასახადით იბეგრება ქალაქ ლაგოდეხის თითოეული მოსახლის არასასოფლო-სამეურნეო მიწის 300 კვ.მ. ჩვენ ვთვლით, რომ ფიქსირებული მიწის გადასახადით უნდა დაიბეგროს მხოლოდ ის ფართობი, რასაც სახლი მოიცავს და მისი დამხმარე სანიტარულ-ტექნიკური ზონა. საკრებულომ დაადგინა, რომ თითოეულ მოსახლეს სახლი 300 კვ.მ-ზე უდგას, რაც არასწორია. მოსახლეობას საკმაოდ დიდი დავალიანება დაუგროვდა, რასაც საურავიც ემატება. ხელახლა უნდა მოხდეს იმ ფართობის გადაანგარიშება, რაზეც შენობა დგას, რისთვისაც აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს და საკრებულოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას მოვითხოვთ“, - გვითხრა „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბოკერიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს ქალაქ ლაგოდეხის გამგებელი გიორგი წვერავა უსაფუძვლოს უწოდებს და ჩვენთან საუბარში შემდეგ კომენტარს აკეთებს: „როგორც ცნობილი გახდა, „სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ“ პრეტენზია გამოთქვა, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 300 კვ.მ-ზე მიწის დაბეგვრა განხორციელდა. თვითმმართველობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას 1999 წელს ჩხენკელის და გეგეჭკორის მიერ შემუშავებული დებულებით - „მიწის გაცემის შესახებ“ იხელმძღვანელა, რომლის თანახმადაც 300კვ.მ-ზე არასასოფლო დანიშნულების მიწა დაბეგვრას ექვემდებარება. თუ ამის შესახებ რომელიმე ლაგოდეხელი პრეტენზიას გამოთქვამს, შეუძლია შესაბამის სამსახურებს მიმართოს. მოსაკრებელი „ვაჭრობის შესახებ“ კი იუსტიციის სამინისტრომ რეესტრში გაატარა. შემდეგ ეს არასამთავრობომ გააპროტესტა, რის გამოც 2005 წლის ივნისში ამ მოსაკრებლის ამოღება შეჩერდა, დეკემბერში კი საკრებულომ თავისი გადაწყვეტილება გააუქმა“.

გადასახადების გაუქმებას და გადახდილი თანხების უკან დაბრუნებას ითხოვს მოსახლეობაც.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები