კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიურ წარმომადგენლობებს

7 აგვისტო, 2006

მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიურ წარმომადგენლობებს

ეუთოს მისიას საქართველოში,
გაეროს წარმომადგენლობას,
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობას,
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ საელჩოებს

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეშფოთებულია უკანასკნელ დროს კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “წარმატებული სპეცოპერაციის” შემდეგ მასობრივად ირღვევა ხეობის მოსახლეობის ძირითადი უფლებები. რეგიონი ჩაკეტილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის.

ჩვენი ინფორმაციით, რეგიონში ადგილი აქვს მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო ჩხრეკებს. უკანასკნელ დღეებში არც ერთი ადამიანისთვის არ წარუდგენიათ ჩხრეკის ორდერი.

ხეობაში აკავებენ უდანაშაულო ადამიანებს, ადგილი აქვს მათ ცემას, უმეტესად ხდება ძებნილთა ნათესავებისა და მათი ოჯახის წევრების დაკავება.

ბატალიონ “მონადირის” წევრებს იარაღის ჩაბარების შემდეგ არ აძლევენ არავითარ ცნობას, რომ მათ ტაბელური იარაღი ჩააბარეს.

ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და განმარტების გარეშე იზღუდება დანარჩენ საქართველოსთან ერთადერთ სავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტით (საკენი-ჭუბერის მიმართულებით) თავისუფალი გადაადგილების უფლება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხეობაში 3-4 ჯერ ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ცემის ფაქტს.

დაფიქსირდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის “ჩადების” რამდენიმე ფაქტიც.

სხვადასხვა მონაცემებით, დაკავებულია დაახლოებით 14-17 ადამიანი. მათგან წარსულში მხოლოდ 1-2 იყო ძებნილი. დანარჩენები არიან ძებნილების ოჯახის წევრები ან ნათესავები, რომელთაც იარაღი ჩაუდეს.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებიდან, რომელნიც წარსულში იძებნებოდნენ მკვლელობებისთვის, ყაჩაღობისა და სხვა მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულია მხოლოდ 1-2 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ის ადამიანი რომელიც წარსულში იძებნებოდა, გაქცეულია. დაკავებულნი არიან ის ადამიანები, რომლებსაც წარსულში დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და მიიჩნევდნენ, რომ პოლიციასთან პრობლემები არ ექნებოდათ და დარჩნენ საკუთარ სახლებში.

გავრცელებული ინფორმაციით, ძებნილებისა და ტყეში გასული ადამიანების ახლობლების დაკავება ხდება შემდეგი გარიგების მიზნით – “ჩაბარდეს შენი ძმა (მამა, შვილი და სხვა) და შენ გაგიშვებთ”.

არის ფაქტები, როდესაც ადამიანების დაკავება (და იარაღის ჩადება) მოხდა პიროვნული შუღლის გამო (სხვა პიროვნების მიმართ რაიმე მიზეზის გამო წარსულში განაწყენებული ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი მცდარ ინფორმაციას აწვდის ზემდგომებს, რის საფუძველზეც შემდეგ ტარდება სპეცოპერაციები).

დაკავების დროს არ ხდება დაკავებულთათვის დაკავების მიზეზისა და მათი უფლებების განმარტება.

მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული სოფელი ჩხალთა დაიბომბა მაშინ, როდესაც იქ არ მიმდინარეობდა არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება და არ იმყოფებოდა კვიციანის არცერთი მომხრე (რის შედეგადაც, გარდაიცვალა სამოქალაქო პირი). დასადგენია სოფ. ჩხალთის დაბომბვის კანონიერება – ვინ, რა მოტივით გასცა დაბომბვის ბრძანება? (აღსანიშნავია, რომ 1993-1995 წლებში ბასაევის, ბაგრამიანის ბატალიონის, კაზაკების და სხვა ”ბოევიკებთან” მომხდარი საბრძოლო შეტაკებების დროს ავიაციის მიერ კოდორელების სახლები არ დაბომბილა. ხეობის მცხოვრებთა სახლები არც 2001 წელს დაბომბილა მაშინ, როდესაც ხეობიდან რუსლან გელაევის მებრძოლები ემუქრებოდნენ აფხაზებს).

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ “მაგთიკომმა” ხელისუფლების მოთხოვნით 3-4 დღის განმავლობაში კოდორის ხეობის სატელეფონო ანძები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გათიშა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამ მოვლენების დროს საგანგებო მდგომარეობა არ ყოფილა გამოცხადებული, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ღონისძიების უკანონობის ალბათობას.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია დაუყოვნებლის ჩატარდეს კოდორის ხეობაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი. მონიტორინგში საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სასურველია მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა. ხეობაში რეგულარულად უნდა იმყოფებოდეს ადამიანის უფლებათა დამცველთა ჯგუფი, რათა სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების ხელყოფის ფაქტები დროულად იქნეს აღკვეთილი. კოდორის ხეობაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ უნდა ეცნობოს საერთაშორისო და სხვა უფლებადამცავ ორგანიზაციებს.

ახალი ამბები