კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასავლეთში გაუაზრებელი ავანტიურის ეშინიათ

8 აგვისტო, 2006

დასავლეთში გაუაზრებელი ავანტიურის ეშინიათ

“ეკონომისტი” აკრიტიკებს ოქრუაშვილის და მერაბიშვილის “დაუფიქრებელ” ქმედებებს

“ამ წლის დრამა იყო გასულ კვირაში საქართველოს მთავრობის ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო რენეგატი საბრძოლო მეთაურის განიარაღება კოდორის ხეობაში, აფხაზეთის პატარა ნაწილში, რომელსაც ჯერ კიდევ თბილისის მთავრობა აკონტროლებს.   ამ ფაქტმა ააღელვა აფხაზეთის (დე-ფაქტო) მთავრობა.  სამხრეთ ოსეთში ადგილი ჰქონდა საეჭვო მკვლელეობების მთელ სერიას – ზოგ პოლიტიკურს და ზოგ კრიმინალურს.  როგორც ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა ამბობს, დაძაბულობა “სამწუხაროდ მაღალია”, რასაც, ალბათ არაფრით დაეხმარა საქართველოს კონფლიქტების მოგვარების მინისტრის, გიორგი ხაინდრავას თანამდებობიდან გაშვება.  ორივე, პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და თვით ბატონი ხაინდრავა აცხადებს რომ ეს სულ სხვა მიზეზით მოხდა. მაგრამ, მისი ხმა (შედარებით მაინც) მიმტევებლობით გამოირჩეოდა.  სხვებმა მისი წასვლა მთავრობიდან აღიქვეს, როგორც “ომის პარტიის” გამარჯვება მთავრობაში გავლენის მოპოვებისათვის.”

ამას წერს ჟურნალ “ეკონომისტის” 5 აგვისტოს გამოშვება.  ამ ნომერში ორი სტატია ეძღვნება საქართველოში არსებულ ვითარებას და ორივე წერილში ადვილი შესამჩნევია ის წუხილი, რომელსაც დასავლეთი გამოთქვამს საქართველოში ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ.  მართალია, ერთის მხრივ აღინიშნება ის პროგრესიც, რომელიც თვალსაჩინოა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ – მაგალითად კორუფციასთან ბრძოლაში და სახელმწიფო ბიუჯეტის მკვეთრ ზრდაში, მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უშლის ბევრი საშინაო თუ საგარეო ფაქტორი, რომელთა გადალახვაც საქართველოს აუცილებლად მოუწევს.
 
თამამად შეიძლება ითქვას რომ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი დადგა.  რუსული იმპერიალიზმი ჩასაფრებულია იმისავის რომ საქართველოს მესამედ ოკუპირება და ანექსირება მოახერხოს: ამისათვის ის ძალ-ღონეს არ იშურებს. უბრალოდ, ახლა ისრაელ-ლიბანის ომის ფონზე რუსეთს ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდა ხელში საქართველოს ანექსიისათვის, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, კავკასიის პრობლემებმა შედარებით მეორე პლანზე გადაიწია და ეს ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მტრებისათვის.
 
როგორც აქაური ექსპერტები აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში აუცილებელია, სწორი და ფრთხილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ მისცემს რუსეთს შეტევაზე გადმოსვლის საშუალებას. მეთიუ ბრაიზას ნაჩქარები და მოულოდნელი ჩამოსვლა საქართველოში იმაზე მიეტყველებს რომ კოდორის ოპერაცია მოულოდნელი იყო ჩვენი მეგობრებისათვის.  აქაური სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე რომ კვიციანის პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელი იყო, თუმცა თვლიან რომ ამ პიროვნების როლი საქართველოს მთავრობამ აშკარად ზომაზე მეტად წარმოაჩინა და ის საფრთხე, რომელზედაც იყო ლაპარაკი, სულაც არ იყო იმ მასშტაბისა, რომელზედაც თბილისში იყო ლაპარაკი ამ 10 დღის განმავლობაში.  კვიციანის ქმედება შეფასებულია, როგორც ფსიქიურად გაუწონასწორებელი შეიარაღებული ადამიანის მცდელობა რომ ყურადღება მიეპყრო სენსაციური და უპასუხისმგებლო განცხადებებით, მაგრამ მისი მცდელობა თავიდანვე განწირული იყო, რადგანაც აქაური წყაროების მიხედვით მას თვით ხეობაში მეკავშირეები პრაქტიკულად არ ჰყავდა.  “ყველაზე უარეს შემთხვევაში კვიციანის შედარება შეიძლება შიზოფრენიის ზღვართან მისულ კრიმინალთან, რომელსაც ბევრი არაფრის გაკეთება არ ძალუძს.  ლაპარაკი ფართო-მასშტაბიან აჯანყებაზე ან საქართველოს ნაციონალური ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებაზე უბრალოდ სასაცილოა.” – აცხადებს ანტი-ტერორიზმის ექსპერტი, რომელიც კავკასიის პრობლემებზე მუშაობს.  მისი აზრით, კოდორის ოპერაცია აშკარად არა-ადექვატურად მასშტაბური პასუხი იყო მეტად ლოკალურ პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტაც ბევრად უფრო უმტკივნეულად შეიძლებოდა.  “ეს უფრო ჰგავდა მხატვრული ფილმის გადაღების მცდელობას, რომელიც მიეძღვნებოდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების გმირულ საქციელს.  თუმცა ამ ფილმის რეჟისორი ვერ გამოირჩეოდა დრამატურგიული ოსტატობით და ის საბრძოლო კადრები, რომლებიც მან შესთავაზა აუდიტორიას, უფრო ფარსის შტაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე კარგად დადგმული სიუჟეტისას.” ამის დასადასტურებლად ექსპერტი მიუთიტებს იმაზე, რომ გადაღებულ მასალაში ჯარისკაცების ქმედება უფრო მხატვრული ფილმის გადაღების დროს გაკეთებულ დუბლებს ჰგავს, ვიდრე რეალურ საომარ ქმედებებს.  “ჩვენ ვთვლით, რომ მითი კვიციანის დიდი სამხედრო მანქანის შესახებ, მთლიანად მოგონილია და ამ მითის შექმნაში მთავრობასაც აქვს გარკვეული წილი”.  ანუ კვიციანის უვნებელყოფა არანაირ ლოგისტიკურ და სამხედრო პრობლემას არ წარმოადგენდა ხეობაშიაც და მის გარეთაც. სამაგიეროდ, კოდორში განხორციელებულმა არაპროპორციულად დიდმა ოპერაციამ საქართველო ომის საფრთხის ქვეშ დააყენა.  
ჟურნალი „ეკონომისტი“ აღნიშნავს რომ საქართველოს მთავარი ამოცანა დღეს არის ომისა და ძალადობის თავიდან აცილება, რათა აღარ განმეორდეს 1992-93 წლების ტრაღიკული მოვლენები.
 
“ნამდვილი ომი სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში საქართველოსათვის დიდი უბედურება იქნება და არა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ომში დამარცხების დიდი შანსია.  ეს შეუძლებელს გახდის ტერიტორიული დისპუტების მოგვარებას.  აგრეთვე ეს დაანგრევს ბატონი სააკაშვილის ყველაზე სანუკვარ ოცნებას, რასაც რუსები განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან: მის გეგმას ნატოში შევლის თაობაზე. ეს ყველაფერი ნათელი უნდა იყოს, თვით თხელ თავიანი და ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ოქრაშვილისათვის.”
 
ასეთი ღია ტექსტით საქართველოს მთავრობის წევრებისათვის ამ გავლენიან ჟურნალს ჯერ არ მიუმართავს.  ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა მეტად საგანგაშოა, და ყველანაირად უნდა მოხერხდეს მშვიდობის შენარჩუნება და ამავე დროს ადამიანის უფლებების დაცვა.  ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან ისმის ძალოვანი უწყებების ქმედებების კრიტიკა.  ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს მთავრობის საქციელს უკვე ავტორიტარული რეჟიმების ლიდერებს ადარებენ.  მიხეილ სააკაშვილმა “უოლ სტრიტ ჯორნალ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ იდეალებად დაასახელა ორი ლიდერი – იუგოსლავიის დიქტატორი იოსიფ ბროზ ტიტო და თურქი სეკულარული ავტოკრატი ქემალ ათა-თურქი. არც ერთი მათგანი დემოკრატიის შუქურად არ ითვლება – განსაკუთრებით კი ბროზ ტიტო.
 
ჟურნალ “ეკონომისტთან” საუბარში საქართველოს პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამტკიცებს რომ საქართველო “წარმატებული დემოკრატია” იქნება ცოტა ხნის შემდეგ.  თუმცა დასავლელი სპეციალისტები ცუდ ნიშნებს ხედავენ.  ისინი ხაზს უსვამენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა უკანონო ქმედებებს – განსაკუთრებით აღნიშნავენ “ახალგაზრდა ბანკირის” ანუ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს და მიუთითებენ რომ ასეთი ტიპის მმართველობით ნატოში გაწევრიანების შანსი არც ისე დიდია.  თუმცა, რა თქმა უნდა ყველაფრის გამოსწორება შეიძლება და ჯერ კიდევ არ არის გვიან.  მთავარია, ძალადობა და ომი უნივერსალური ცნებები არ გახდეს საქართველოსათვის. 
 
“ეკონომისტი” ამბობს რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები ყოველთვის ოპტიმისტურ სურათს ხატავენ, საქართველოში დიდია რუსული ანექსიის რისკი.  ამაში ჩვენს მეზობლებს ნებსით თუ უნებლიედ სააკაშვლის ადმინისტრაცია ეხმარება. 

“ახლანდელი მოვლენების განვითარება სულ სხვა ქვეყნის რეალობას მოგვაგონებს, იმ ქვეყნისა, რომელთან შედარებაც ყველაზე მეტად არ უყვართ თვით ქართველებს: ბატონი პუტინის რუსეთთან.  რეგიონის სხვა მთავრობების მსგავსად, ბატონი სააკაშვილი საკუთარი ხალხის მიმართ მეტად საშიშ სიძულვილს ამჟღავნებს.” – წერს “ეკონომისტი” 5 აგვიტოს ნომერში.

ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრება ალბათ კიდევ ერთი მიზეზი იყო იმისა რომ სააკაშვილის მთავრობა პუტინის რეჟიმისათვის მიემსგავსებინათ.  და ეს მეტად სამწუხაროა.
 
მაგრამ, მაინც ჩვენი ქვეყნის მეგობარი ექსპერტების აზრით, ყველაფრის უკეთესისაკენ შემობრუნება შეიძლება. “ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელმაც ასეთი მაღალი შეგნება გამოიჩინა “ვარდების რევოლუციის” დროს, არაფრით არ უნდა დაუშვას ძალადობისა და ომის ესკალაცია და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა.  ჩვენ გვჯერა რომ თქვენს საზოგადოებას ავტორიტარულზე ბევრად უკეთესი მომავალი ეკუთვნის”. 
 
იმედია ჩვენი საზოგადოება მართლაც შეძლებს ამას.  მდგომარეობა კი ნამდვილად საგანგაშოა.  ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ლიბერალური გამოცემა, რომლის სიტყვასაც ანგარიშს უწევენ დიდი ქვეყნების ლიდერებიც კი.

ირაკლი კაკაბაძე - ნიუ იორკი – 5 აგვისტო, 2006 წელი 

ახალი ამბები