აფხაზურმა ფორმირებებმა კოდორის ხეობაში ქართველ სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს
თბილისი.07.08.06.მედიანიუსი. დღეს დილით კოდორის ხეობის სოფელ ლათასთან განლაგებულმა აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც "მედიანიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა, ქართული პოზიციებისკენ სეპარატისტები მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით და ნაღმტყორცნებით ისროდნენ.
სროლის პარალელურად ქართული პოზიციებისკენ გადაადგილება სცადა აფხაზთა 20-კაციანმა რაზმმა. თუმცა მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც ქართულმა სპეცრაზმმა აფხაზურ მხარეს აცნობა, რომ თუ გადაადგილებას გააგრძელებდნენ, გაიხსნებოდა საპასუხო ცეცხლი.
სარწმუნო წყაროს თქმით, ქართული შეიარაღებული ქვედანაყოფები თავს იკავებენ საპასუხო ცეცხლის გახსნისაგან, თუმცა თუ გაგრძელდებოდა ქართული პოზიციების პერმანენტული დაცხრილვა, ადეკვატური ზომები აუცილებლად იქნება მიღებული.