კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

1 ოქტომბერი, 2006

მიღებულია სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის შეხვედრაზე
2006 წლის 27 სექტემბერს

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება,

შევიკრიბეთ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის რეკომენდაციების (CAT/C/GEO/CO/3) იმპლემენტაციის საკითხის განსახილველად,

ვაცნობიერებთ რა აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელოვან როლს წამების პრევენციისათვის და სახელმწიფოს მოვალეობას, შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები,

მივესალმებით სახელმწიფოს ბოლო დროინდელ მცდელობას, აღმოფხვრას წამება, კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივას - გახადოს წამების აკრძალვა აბსოლუტური დებულება კონსტიტუციის მიხედვით, ვგულისხმობთ საქართველოს კონსტიტუციურ კანონს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება საქართველოს კონსტიტუციის 18(4)-ე მუხლს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას, იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევას - ძველი საპყრობილეების გაუქმებითა და პატიმართა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის ახალ  საპყრობილეებში გადაყვანის გზით, გააუმჯობესოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა ყოფნის პირობები, საქართველოს პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შემთხვევების ზრდას.

ვაფასებთ რა ხელისუფლების ძალისხმევას, შეასრულოს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის რეკომენდაციები, მიგვაჩნია, რომ კვლავ არსებობს საკითხები, რომლებიც სისტემურ მიდგომას, საკანონმდებლო დახვეწას და პრაქტიკულ განხორციელებას საჭიროებს.

მიგვაჩნია, რომ:
• აუცილებელია, სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა შეიმუშაონ წამების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა და უზრუნველყონ აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა. შესაბამის სამართლებრივ აქტებში დეტალურად განისაზღვროს  სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ძალის გამოყენების როგორც  შემთხვევები, ასევე წესები (სასურველია, აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს ცალკე კანონით) და ამ უკანასკნელთ ჩაუტარდეთ ინტენსიური ტრენინგები სპეციალური ოპერაციების ჩატარებისას ძალის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტებზე; მკაცრად იყოს რეგლამენტირებული სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლების მიერ  სპეციალური ოპერაციის განხორციელებისას ნიღბების გამოყენების წესი და საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშნების ტარების ვალდებულება. სახელმწიფომ  უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ზემოაღნიშნული კანონპროექტების შემუშავებისა და განხილვის პროცესში;

• პროკურატურაში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო აღიჭურვოს წამების, არაადამიანური მოპყრობის საქმეთა გამოძიების უფლებამოსილებით და აღნიშნულ საქმეთა შედეგების  შესახებ საზოგადოების  ინფორმირების ვალდებულებით;

• განახევრდეს გირაოს სახით შესატანი  თანხის ოდენობა. შემოღებულ იქნეს სხვა სახის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები და წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, გამოიყენებოდეს იშვიათი  გამონაკლისის სახით, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მიმართ; 

• 2007 წელს ამოქმედდეს  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  33(4)-ე მუხლი და დასრულდეს აღნიშნული მუხლის ამოქმედების მუდმივი გადავადება;

• დაჩქარდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების იუსტიციის სამინისტროდან  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემა.  უზრუნველყოფილ იქნეს პატიმართათვის დროული სამედიცინო მომსახურების გაწევა; 

• ჩაუტარდეთ ტრენინგი მოსამართლეებს, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების  თანამშრომლებს  ქალთა და ბავშვთა უფლებების შესახებ და მათთან ურთიერთობის სპეციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.

მივესალმებით „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „ოჯახში  ძალადობის  აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“  საქართველოს  კანონების მიღებას. გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ აღნიშნული დანაშაულის შედეგები აღიქმება, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასი. აქვე ვთხოვთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციები (CEDAW/C/GEO/CO/3) და გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:

• კანონით დადგენილ ვადაში დამტკიცდეს ოჯახური ძალადობის აღკვეთისა და ოჯახური ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით გასატარებელ ღონისძიებათა 2006-2008 წლების სამოქმედო გეგმა;

• ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, განისაზღვროს მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უწყებათაშორის საქმიანობას, უზრუნველყოფს კანონის იმპლემენტაციას, განახორციელებს მონიტორინგსა და კონტროლს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობებზე და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. აღნიშნული ორგანო წარმოადგენდეს ოფიციალურ საინფორმაციო წყაროს დაინტერესებული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის; 

• უზრუნველყოფილ იქნეს მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის ტრეფიკინგის დანაშაულის გამოძიების პროცესში და დაიხვეწოს დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები;

• რეალური და ხელმისაწვდომი გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის გარანტიები (მსხვერპლთა დაცვის პროგრამები) და უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ღონისძიებების ეფექტური განხორციელება პრაქტიკაში;

• ხელისუფლებამ მიიღოს ქმედითი ზომები ტრეფიკინგის ხელშემწყობი მიზეზების აღმოსაფხვრელად, კერძოდ, ამოქმედდეს ქალთა დასაქმებისა და  პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების პროგრამები და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას;

• არასრულწლოვანთა საქმეები განიხილონ მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზირებულმა მოსამართლეებმა და დაცულ იქნეს კანონის მოთხოვნა არასრულწლოვან დაკავებულ და მსჯავრდებულ პირთა სრულწლოვანი პირებისგან  განცალკევებით განთავსების შესახებ როგორც წინასწარი დაკავების  საკნებში, ისე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში;

• „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვისას გათვალისწინებულ იქნეს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის, ისევე როგორც  სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები. დროულად მოხდეს  აღნიშნული კანონპროექტის მიღება;

• შეიქმნას შესაბამისი მექანიზმები ბავშვთა ძალადობის ყველა ფორმის, ტრეფიკინგის, სექსუალური ექსპლუატაციის პრევენციისათვის. გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრები ყველა ფორმის ძალადობის არასრულწლოვან მსხვერპლთათვის. 

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები გახდება ახალი ინიციატივების საფუძველი და გადამწყვეტ როლს ითამაშებს წამების პრობლემის აღმოფხვრაში. ჩვენ მზად ვართ ინტენსიური თანამშრომლობისათვის და იგივე მოლოდინი გაგვაჩნია რეკომენდაციებში მოხსენიებული შესაბამისი სტრუქტურებისგან.
                                                                         
                                                                               
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) - ანა დოლიძე

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) - უჩა ნანუაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი (PHMDF) - ლია სარალიძე

კონსტიტუციის 42-ე მუხლი (Article 42 of the constitution) – მანანა კობახიძე

საქართველოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ( GCAT) - კახაბერ გოგაშვილი

ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI) - ცირა ჭანტურია

ქალთა საკონსულტაციო ჯგუფი “სახლი” (House) - რუსუდან ფხაკაძე

გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP)- ნინო მახაშვილი

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო ცენტრი (GCRT) - ლელა ცისკარიშვილი

ახალი ამბები