კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის ფედერაციaში გამეფებულ ანტიქართულ კამპანიას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

18 ოქტომბერი, 2006

თბილისი.18.10.06.მედიანიუსი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2006 წლის 16 ოქტომბერს ღამით, რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირების მიზნით სანკტ-პეტერბურგის გამანაწილებელში მყოფი 26 პირი ავტობუსით, ბადრაგის თანხლებით, გადაიყვანეს მოსკოვის მიმართულებით. მგზავრებს შორის იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე, 48 წლის თენგიზ ტოგონიძე, რომელიც დაავადებული იყო ასთმით.

მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, დაკავების პერიოდში ბოლო ორი კვირის განმავლობაში თენგიზ ტოგონიძე მოკლებული იყო სამედიცინო დახმარებასა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალებას. საკონსულო სამსახურის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ იგი შეამოწმა ექიმმა და აუცილებელი დახმარება აღმოუჩინა, რაც, სამწუხაროდ, დაგვიანების გამო, საბოლოო ჯამში არაეფექტიანი აღმოჩნდა.

ასევე არ იყო დაცული მრავალსაათიანი მგზავრობის ელემენტარული პირობები დაკავებულების გადაყვანისას. მგზავრთა განცხადებით, სუფთა ჰაერის მიღების მიზნით ფანჯრის გამოღებაც კი შეუძლებელი იყო. მგზავრობისას  ტოგონიძე თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა მისთვის რუს ძალოვნებს ყურადღება არ მიუქცევიათ. მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტ დომოდედოვოში მისვლისთანავე მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დილით იგი გარდაიცვალა.

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დეპორტირების ყოველი შემთხვევის შესწავლა საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ხშირ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ეს აქტი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხორციელდება, ანუ გამოძევებული მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს სავიზო და სხვა სახის დოკუმენტები წესრიგში აქვთ. კანონმორჩილი პირები აჰყავთ სახლებიდან და გადაჰყავთ იზოლატორებში, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, ამყოფებენ გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში. ადამიანები არათუ მოკლებულნი არიან სამედიცინო დახმარებას, არამედ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებასა და ადამიანისათვის შესაფერის მოპყრობას. ზემოაღნიშნული წარმოადგენს ადამიანის ფუძემდებლური უფლებებისა და თავისუფლებების, ყველა მოქმედი საერთაშორისო წესისა და პროცედურის უხეშ დარღვევას, რაც, სამწუხაროდ, ასე დამახასიათებელი გახდა ბოლო დროს რუსეთისათვის ქართველებთან მიმართებაში.

თენგიზ ტოგონიძის დაღუპვის ფაქტი ზემოთქმულის ნათელი დადასტურებაა და კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან საქართველოს  მოქალაქეები და ეთნიკური ქართველები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ახლობლებს.

საქართველოს მხარე მკაცრად გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ ელემენტარული ჰუმანიტარული ნორმების უგულებელყოფას და კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის მხარისაგან, აღკვეთოს ქვეყანაში გამეფებული ანტიქართული ისტერია, ღირსეულად მოეპყროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც იძულებით ატოვებინებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას.

საქართველო მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, მკაცრად დაიცვას  ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო დოკუმენტების, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, პრინციპები და დებულებები.

საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ხელისუფლების არაჰუმანურ და ქსენოფობიურ ქმედებებს. ასევე, მკაცრად მოითხოვონ რუსეთის ფედერაციისაგან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

ახალი ამბები