თბილისი.26.10.06.მედიანიუსი. 2006 წლის 13 და 15 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები გიორგი მშვენიერაძე, ზურაბ კვიციანი და კობა ჩოფლიანი იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც კარცერების მონიტორინგი განახორციელეს.
მათ მოინახულეს მსჯავრდებულები გენადი წურწუმია, იმედა ბუთხუზი და ბადრი ქეცბაია, რომლებიც საკანში საცვლების ამარა იმყოფებოდნენ. პატიმრების ტანსაცმელი დერეფანში იატაკზე ეყარა, კარცერის მორიგის მაგიდის გვერდით. პატიმარ წურწუმიას განმარტებით, იგი 16 დღე იყო კარცერში და ამ ხნის განმავლობაში საცვლების ამარა იმყოფებოდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტის გამოძიების თხოვნით მათ გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართეს და დამნაშავეების მკაცრად დასჯა მოსთხოვეს.
`ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, პატიმრებმა თავად თქვეს უარი ტანისამოსის ჩაცმაზე, რასაც მსჯავრდებულები კატეგორიულად უარყოფენ. მსგავსი ქმედებები შეიძლება შეფასდეს, როგორც წამება (თუკი საცვლების ამარა მყოფ პატიმრებს ღამ-ღამობით სციოდათ), არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. გამოვლენილი დამნაშავეები ამის გამო მკაცრად დაისჯებიან'_ განაცხადა სოზარ სუბარმა.