კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულმა - ინსპექტორებმა დარაჯი სცემეს და შემდეგ დააკავეს

12 თებერვალი, 2007

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრული ინსპექტორების ვახტანგ ზატიკაშვილის და გიორგი ნასყიდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

უფლებადაცვით ორგანიზაციას დახმარებისათვის გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ლალი ჭამიაშვილმა მიმართა. მისი თქმით, პატრულმა ინსპექტორებმა 2006 წლის 21 ოქტომბერს საღამოს საათებში, მის მეუღლეს, იგორ ჭამიაშვილს, რომელიც ღვინის საწყობში დარაჯის მოვალეობას ასრულებდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

იგორ ჭამიაშვილის ჩვენების მიხედვით, იგი ღვინის საწყობის საყარაულო ოთახიდან სასმელი წყლის მოსატანად იყო გასული. უკან დაბრუნებულს საწყობის ეზოში მანქანა დახვდა გაჩერებული. ოთახის კარი კი, რომელიც დარაჯმა გასვლამდე ურდულით ჩაკეტა, ღია იყო. იქ ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ახალგაზრდა ქალბატონები დახვდნენ. მათ მაგიდა გაეშალათ ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ.

„ერთი ბიჭი მაღალი და გამხდარი იყო, მეორე შედარებით დაბალი და სრული. დაბალმა მთხოვა, ქალთან მინდა განვმარტოვდე და იქნებ საწოლი მომინახოო, რაზედაც უარი ვუთხარი, აქ ასეთი რამ არ შეიძლება-მეთქი. მაგრამ მეორედ რომ უკვე მომთხოვა, დავთანხმდი და ისინი ღვინის მარანში გავიყვანე. ჩემს საყარაულო ოთახში კი მაღალი ბიჭი დარჩა ქალთან ერთად. ეზოში ველოდებოდი, როდის გამოვიდოდნენ. მანქანაზე ქურთუკი იყო გადაკიდებული, რომელიც იქვე მდგარ კაკლის ხეზე ჩამოვკიდე. როცა გარეთ გამოვიდნენ, ქურთუკი მოიკითხეს. ვუთხარი და ვაჩვენე სადაც იყო. ნახეს და თქვეს, ფული აღარ არის ჯიბეშიო. რა ფული მეთქი, გამიკვირდა. ამის შემდეგ ხელებით და ფეხებით მცემეს, რაღაცაც დამარტყეს. მერე პოლიცია გამოიძახეს და დამაკავეს. პოლიციაში გავიგე, რომ ისინი პატრულები ყოფილან,“ - აღნიშნავს იგორ ჭამიაშვილი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში.

ჭამიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დადასტურებულია ექსპერტ კანტროშვილის დასკვნითაც. „დაზიანებები მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“- აღნიშნავს ექსპერტი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და შესაბამისი ორგანოებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ პატრულ ზატიკაშვილს სხვა მოქალაქეებიც უჩივიან. მცირე ხნის წინ მან, ქ. საგარეჯოსთან მოქალაქეებს დიანა ქაჩლიშვილსა და ზურაბ იმერლიშვილს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანიდან გადმოსვლის უფლებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე საპატრულო პოლიციაში აგრძელებს მუშაობას.

იგორ ჭამიაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო 22 თებერვალს განიხილავს. განსასჯელის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ლია ხუროშვილი იცავს.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები