კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო დევნილებისგან ვალის დაბრუნებას ითხოვს

26 თებერვალი, 2007

ქუთაისში, სასტუმრო „მთის ბროლში“ მცხოვრები დევნილები მესამე დღეა ქუჩაში დგანან და ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას საჯაროდ აპროტესტებენ. სახელმწიფო მათგან ვალის გადახდას ითხოვს. ვალად კი ის თანხა სახელდება, რომელსაც დევნილები 1999-2004 წლებში, აფხაზეთის ომში მონაწილეობისათვის იღებდნენ. დღეს ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ომში მონაწილე ან მათთან გათანაბრებული პირები წლების მანძილზე აღნიშნულ თანხას, პენსიის სახით, უკანონოდ იღებდნენ.

„რას მოითხოვს ეს მთავრობა ჩვენგან, გაუგებარია. იძახიან, რომ ქვეყნის ბიუჯეტს ზარალი მივაყენეთ. არადა, პირიქითაა. ზარალი ჩვენ მოგვაყენეს და შარა-გზაზე დაგვტოვეს. შეგვხედეთ ერთი, რას დავემსგავსეთ. აღელვებს ვინმეს ჩვენი მდგომარეობა? აგვინაზღაუროს მთავრობამ ქონების საფასური, რომელიც აფხაზეთში დავკარგეთ და დანარჩენზე მერე გველაპარაკოს,“ - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი, ინვალიდი შორენა ჭანკვეტაძე, რომელსაც ომის დროს ტრავმირებული ქვედა კიდურები საშუალებას არ აძლევს იმუშაოს და ოჯახი გამოკვებოს.

ორი დღის წინ ინვალიდი ქალბატონი, სხვა დევნილებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიბარეს და 3000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. თან განუმარტეს, რომ თუკი ვალს არ დაფარავდნენ, საპროცესო გარიგების თანახმად, წინასწარ ორთვიან პატიმრობას შეუფარდებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საოლქო პროკურატურაში იმ 265 კაცის სია დევს, ვისაც სახელმწიფოს ვალი მართებს. თუმცა, ამის თაობაზე პროკურატურაში კომენტარს არავინ აკეთებს. დევნილები ამბობენ, რომ მათგან აღნიშნულ თანხას, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტრო ითხოვს.

„აბსოლუტურად გაუგებარია, რას მოითხოვს ხელისუფლება ამ ხალხისგან. ვერანაირ უკანონობას აქ ვერ ვხედავ. მნიშვნელობა არა აქვს, რომელმა ხელისუფლებამ დაუნიშნა დევნილებს ეს დახმარება. ხელისუფლებაში არსებობს სამართალმემკვიდრეობის წესი და დღევანდელი ხელისუფლება ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, დევნილები აღნიშნულ თანხას იღებდნენ,“ - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი“ ვლადიმერ ნაკაშიძე.

თანხა, რომელსაც გარკვეული კატეგორიის დევნილები, პენსიის სახით, გარკვეული ხნის მანძილზე იღებდნენ, თვეში 12 ლარს შეადგენდა. „არანაირი გაანგარიშებით ეს თანხა არ შეიძლება იყოს 3000 ლარი. თუ დახმარებას  უკანონოდ ვიღებდით, ის ხალხი დაისაჯოს, ვინც ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიიღო. ჩვენ რა შუაში ვართ?“ - აცხადებენ დევნილები და აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებენ. ისინი, საკუთარი უფლებების დასაცავად, საპროტესტო აქციების გამართვას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წინ გეგმავენ.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან    

ახალი ამბები