კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი მინისტრს მოქალაქეთა უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს

21 მარტი, 2007

სახალხო დამცველი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველმა 2007 წლის 4 იანვარს წერილობით მიმართა ლადო ჭიპაშვილს, სადაც თხოვდა ეცნობებია, განიხილა და შეისწავლა თუ არა მისმა უწყებამ  მოქალაქე ინა კომახიძის განცხადება.

„ინა კომახიძემ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მაჩაბლის ქუჩის კუთხეში, მის მიერ მოწყობილ მუყაოს პატარა ხუხულაში ცხოვრობს, „სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული შეღავათებისა და დახმარების მისაღებად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2005 წლის 8 აგვისტოს მიმართა.

სახალხო დამცველს 5 თებერვალს ოფიციალური წერილით შეატყობინეს, რომ „მოქალაქე ინა კომახიძე ვერ მიიღებს მონაწილეობას სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში, რადგან მას არ გააჩნია მუდმივი საცხოვრისი“. მინისტრმა წერილში თავისი არგუმენტის დამადასტურებლად მოიშველია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის 51-ე დადგენილების მე-2 მუხლის, I პუნქტის, I ქვეპუნქტი, სადაც ოჯახის ცნება განმარტებულია, როგორც “განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე, მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას”.

სახალხო დამცველი არ ეთანხმება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოსაზრებებს, ვინაიდან, იმავე დადგენილების მე-2 მუხლში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „ოჯახი განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირიცაა“, და რომ „ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინა კომახიძე დადგენილების ამ პირობას სრულად აკმაყოფილებს. იგი არის მარტოსული და სამი წელია ერთი კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

დადგენილების თანახმად, განაცხადის შევსებისას მაძიებლის შემადგენლობაში მყოფ პირთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი;
ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი;
ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი.

არაფერია ნათქვამი იმ შეზღუდვაზე, რომ უსახლკარო (ან როგორც მინისტრი უწოდებს, საცხოვრისის არ მქონე პირი) არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნას მაძიებლის შემადგენლობაში მყოფ პირთა რაოდენობაში. ამდენად, ინა კომახიძეს სრული უფლება აქვს ირიცხებოდეს დახმარების მაძიებელთა კატეგორიაში.

დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნულია, რომ მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია, რომელიც მოიცავს „მაძიებლის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასებას“ და „სარეიტინგო ქულის მინიჭებას“. ინა კომახიძის შემთხვევაში, სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ თავისი ფუნქცია არ შეასრულა - არ შეაფასა მისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და არც სარეიტინგო ქულა მიანიჭა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მაძიებლის მიერ განაცხადის შევსება და მისი საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარება ადასტურებს, რომ იგი თანახმაა:
ა) სოციალური დახმარების დამნიშვნელმა ორგანომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს ყოველნაირი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მის იდენტიფიკაციასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენას;
ბ) მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ინა კომახიძესთან მიმართებაში სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ არც ეს ფუნქცია განახორციელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საარსებო შემწეობა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონით მაინც უნდა მიეღო, (კანონი “ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე“).

იმის გამო, რომ ინა კომახიძის მიმართ მოხდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ცალკეული ნორმების უგულვებელყოფა _ *მას ვერ მიენიჭა მაძიებლის სტატუსი; *არ მოხდა მისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესწავლა; *მისი ადგილსამყოფელი არ შეფასდა როგორც საცხოვრისი; *იგი არ აღიარეს, როგორც ერთსულიანი ოჯახი; *ვერ განისაზღვრა მისი სარეიტინგო ქულა - იგი ვერ მოხვდა „სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული შეღავათებისა და დახმარების მიმღებთა კატეგორიაში, რითიც დაირღვა მისი სოციალური უზრუნველყოფის უფლებები. უნდა აღინიშნოს, რომ შემწეობას კომახიძისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ლადო ჭიპაშვილს და მოითხოვა ხელახლა იქნას განხილული ინა კომახიძის განცხადება და მიენიჭოს მას დახმარების მაძიებლის სტატუსი, რათა მიიღოს კანონით განსაზღვრული დახმარება. 

ინფორმაცია მოწოდებულია სახალხო დამცველის პრესცენტრის მიერ

ახალი ამბები