კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენმა ჟურნალისტის სახლიდან რედაქციების გამოსახლების გამო პროკურატურას მიმართა

21 აგვისტო, 2007

 თბილისი.21.08.07.მედიანიუსი. სახალხო დამცველი თბილისში, ჟურნალისტთა სახლიდან  რამდენიმე რედაქციის გამოსახლებას გამოეხმაურა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 20 აგვისტოს გაზეთ ,,ახალი 7 დღის“ რედაქტორმა ლია ტოკლიკიშვილმა სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ სააღსრულებო პოლიცია მათი რედაქციის მიერ დაკავებული ფართიდან უკანონოდ ასახლებდა და დახმარება სთხოვა.

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ საკითხის გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ჟურნალ-გაზეთს აღნიშნული ფართი იჯარით აქვს აღებული, თუმცა საიჯარო ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ადმინისტრაცია (რომლის ბალანსზეც ირიცხება სადავო ფართი), ვინაიდან ის დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

ადგილზე იმყოფებოდა სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო პოლიციასთან ერთად, რომელმაც წარადგინა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად მითითებულნი  არიან საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის  თანათავმჯდომარეები ჰამლეტ გეგია და გიორგი ჟორჟოლიანი, ხოლო მოვალედ -  კერძო პირი, ვინმე მარინა ბასილაშვილი.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნდა მომხდარიყო მარინა ბასილაშვილის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა იძულების წესით. სააღსრულებო ფურცელში სხვა პირები და ორგანიზაციები მითითებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს.“

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, სასამართლო აღმასრულებელს მიუთითეს, რომ სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ის უნდა შეჩერებულიყო საკითხის გარკვევამდე. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, გიგა გიორგაძე აღნიშნულ საკითხზე, აგრეთვე, ტელეფონით ესაუბრა სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ს. ელისაბედაშვილს, რომელსაც განუმარტა საქმის ვითარება. მიუხედავად ამისა, აღსრულების პროცესი არ შეჩერებულა.

ვინაიდან,  ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას და სააღსრულებო პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ თბილისის პროკურატურას აცნობეს.

ახალი ამბები