კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყაჩაღური თავდასხმა თუ დაგეგმილი პროვოკაცია?!

26 სექტემბერი, 2007

ვინ გაიტაცა გალის ტელესტუდიისათვის განკუთვნილი ტექნიკური აღჭურვილობა?

გალის რაიონში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის პირადი წარმომადგენლის, რუსლან ქიშმარიას განცხადებებზე დაყრდნობით, 20 სექტემბერს, ენგურის ცენტრალურ ხიდთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს გალის ტელესტუდიისათვის განკუთვნილი ტექნიკური აღჭურვილობა გაიტაცეს. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ რუხში, საქართველოს შ.ს. სამინისტროს გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა. რუსლან ქიშმარიას განმარტებით, ოთხი ნიღბიანი შეიარაღებული პირი თავს დაესხა ავტომანქანას, რომელიც ზუგდიდის რაიონიდან აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა და სადაც ტელეაპარატურა იყო მოთავსებული. ყაჩაღებმა ჯერ მანქანაში მსხდომი პირები ავტომატური იარაღის მუქარით გადმოსხეს, მობილურები წაართვეს, ხოლო შემდეგ მიწაზე დაწოლა აიძულეს, აპარატურა კი საკუთარ მანქანაში გადატვირთეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ.

ქიშმარიას თქმით, ტექნიკური მოწყობილობის ღირებულება 6 000 აშშ დოლარია და გალის ტელევიზიისათვის ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია - "შერიგების რესურსებმა” გამოყო. "ბანდიტური თავდასხმა მოძრავ ავტოტრასაზე დღის საათებში მოხდა, თუმცა იმ დროს ავტომანქანები აღარ მოძრაობდნენ. მოძრაობა, რატომღაც, გატაცების შემდეგ განახლდა. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ დანაშაული ქართულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მთელს რეგიონში აფხაზური მაუწყებლობის გავრცელება, მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაციის მიღება. ოფიციალურ თბილისს განსაკუთრებით ის ფაქტი აღიზიანებს, რომ საინფორმაციო გამოშვება ეთერში მეგრულ ენაზეც გავა"- აცხადებს ბაღაფშის პირადი წარმომადგენელი.

რუსლან ქიშმარია იმ პირების ვინაობას დღემდე არ ასახელებს, ვინც ავტომანქანაში იჯდა და ვისაც ტვირთი აფხაზეთში გადაჰქონდა. იგი მიიჩნევს, რომ ქართველმა ძალოვანებმა ორგანიზებული ძალადობრივი აქცია მიზანმიმართულად განახორციელეს. "ის ადამიანები, რომლებიც აპარატურის გადმოტანაში გვეხმარებოდნენ, ქართველმა სამართალდამცავებმა სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. მიუხედავად ამისა, ტელემაუწყებლობა ყველა შემთხვევაში დაიწყებს მუშაობას".

გალის ტელევიზიას ჯერჯერობით ოფიციალური სახელწოდება არა აქვს, თუმცა მაუწყებლობა 24 სექტემბერს უკვე დაიწყო. სატელევიზიო ეთერში კინოფილმები და ვიდეორგოლები უკვე გამოჩნდა. რუსულ, აფხაზურ და მეგრულ ენებზე საინფორმაციო გამოშვებების გავრცელება 27 სექტემბრიდან იგეგმება.

საქართველოს შ.ს. სამინისტროს სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს არ ადასტურებენ. სამმართველოს უფროსის თენგიზ გუნავას განცხადებით, არც თავდასხმა და არც აპარატურის გატაცება ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე არ მომხდარა. საქართველოს შ.ს. სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის განყოფილებაში კი სეპარატისტული მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ პროვოკაციად აფასებენ.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

ახალი ამბები