კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი აქვეყნებს მოხსენებას საქართველოს შესახებ

26 ოქტომბერი, 2007

სტრასბურგი, 25.10.2007 - დღეს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება მისი მე-3 პერიოდული ვიზიტის შესახებ საქართველოში, რომელიც შედგა 2007 წლის მარტ-აპრილში. მოხსენება საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე.

კომიტეტის დელეგაციის მიერ ვიზიტის მსვლელობისას მიღებული შთაბეჭდილებით, პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კომიტეტისთვის ცნობილი გახდა არასათანადო ფიზიკური მოპყრობის სულ რამდენიმე განცალკევებული შემთხვევის შესახებ, ამათგან ერთ-ერთი უკავშირდებოდა დაკავებისას ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან. წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა მოიწონა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ სფეროში მიღწეული წინსვლა, რაც განვლილ წლებში გატარებული მთელი რიგი ზომების შედეგს წარმოადგენს, მათ შორის არის ახალი მიდგომა პოლიციის კადრების შერჩევასა და მომზადებაში, ისევე როგორც შიდა კონტროლისა თუ სისტემის გარე სამონიტორინგო მექანიზმების განმტკიცება. ამასთან, ცხადია რომ ხელისუფლებას მართებს სიფხიზლე. კომიტეტმა შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა მიზანს, კერძოდ, წარმოადგენს არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ფორმალური საშუალებების განმტკიცება და დაშავების შემთხვევათა აღრიცხვის გაუმჯობესება.

ციხეებთან დაკავშირებით, პენიტენციალური სისტემის მიმდინარე რეფორმის ერთ განსაკუთრებით მისასალმებელ შედეგს წარმოადგენს კორუფციის მაჩვენებლის კლება. თუმცა, პატიმართა მკვეთრი რაოდენობრივი ზრდა, რაც ორმაგზე უფრო მეტად გაიზარდა კომიტეტის ბოლო, 2004 წლის პერიოდული ვიზიტის შემდეგ, და ამით განპირობებული გადატვირთვა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებისა, ძირს უთხრის ჰუმანური პენიტენციალური სისტემის შექმნისაკენ მიმართულ ძალისხმევას. პატიმრებით ციხის გადატვირთვის განსაკუთრებით გამორჩეული შემთხვევა დაფიქსირდა წინასწარი დაკავების მთავარ დაწესებულებაში, ქალაქ თბილისის მე-5 საპყრობილეში, სადაც ერთი პატიმრისთვის განკუთვნილი სამყოფი ფართი ხშირ შემთხვევაში ნაკლები იყო 0.5 მ2-ზე. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა ციხეების განტვირთვის მიზნით, განსაკუთრებით ისეთი მიდგომების გამოყენებით, რომლებიც მიზნად დაისახავს ციხეში გაგზავნილ პირთა რაოდენობაზე ზღვარის დაწესებასა თუ შემცირებას.

შემოწმებული ხუთი პენიტენციალური დაწესებულებიდან ოთხში არ მოპოვებულა ინფორმაცია ბოლო ხანს დაფიქსირებული არასათანადო ფიზიკური მოპყრობის შესახებ ციხის თანამშრომელთა მხრიდან. თუმცა, ქ. რუსთავის მე-6 საპყრობილეში დელეგაციამ პატიმართა მეშვეობით მოიპოვა არაერთი საფუძვლიანი ინფორმაცია მათი ცემის შესახებ ციხეში მიღებისას თუ სხვა გარემოებებში. კომიტეტის რეკომენდაციით, ამ ციხის ხელმძღვანელობამ საბადრაგო თანამშრომლებს უნდა ცხადად აცნობოს, რომ პატიმართა მიმართ არასათანადო ფიზიკური მოპყრობა ან მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ისევე როგორც სხვა ტიპის უპატივცემულო ან პროვოკაციული ქმედება მიუღებელია და დაისჯება მკაცრად.

პატიმართა სამედიცინო მომსახურების თემა კვლავაც პრობლემატურია კადრების, სათანადო პირობებისა და რესურსების ნაკლებობის გამო. წამების საწინააღმდეგო კომიტეტს განსაკუთრებით აშფოთებს ფაქტი, რომ მისი მე-2 პერიოდული ვიზიტისას დაფიქსირებული წინსვლა ტუბერკულოზთან ბრძოლის სფეროში შერყეულ იქნა ციხეებში პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო.

არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტის შესახებ არ გამხდარა ცნობილი დელეგაციის მიერ მონახულებულ ორ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში - ქალაქ თბილისის ასათიანის ფსიქიატრიულ ინსტიტუტსა და ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. თუმცა, ორივე დაწესებულება განიცდის  გადატვირთულობის პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ქუტირის საავადმყოფოში არსებული საცხოვრებელი პირობები ზოგადად უკეთესია. მოხსენება მოიცავს აგრეთვე ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ ახალი კანონით უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალებების შეფასებას, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ იძულებითი მკურნალობის ქვეშ მყოფ ფსიქიკურ პაციენტებს.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტის დასასრულს გაკეთებული დაუყოვნებლივი დაკვირვების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქალაქ თბილისში დახურულ იქნა "ჰაუპტვახტი" (სამხედრო უწყების დაკავების დაწესებულება), რომელიც ხასიათდებოდა დაკავების სრულიად არაადექვატური პირობებით.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მოხსენება ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია მის ვებ-გვერდზე - http://www.cpt.coe.int.


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge   

 

ახალი ამბები