43 პატიმარმა, რომლებიც ქსნის დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, ადამიანის უფლებათა ცენტრს სთხოვეს, გაევრცელებინა მათი ერთობლივი განცხადება პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების ცლილებამდე საპატიმროებში სხვადასხვა სახის კორუფციული გარიგებებიც ხდებოდა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ
„მოგახსენებთ, რომ 2008-2009 წლებში სასჯელს ვიხდიდით ქსნის № 7 დაწესებულებაში (ამჟამად ქსნის №15 დაწესებულება) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ჭაკუას, მისი მოადგილის მკურნალიძის, დაწესებულების დირექტორის არაქელოვის და მისი გარემოცვის მიერ, ადგილი ჰქონდა მრავალმხრივ და სისტემურ კორუფციულ ქმედებებს, რამაც არაერთი მსჯავრდებულის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. ბევრს კი ბრალი დაუმძიმდა და პატიმრობის ვადა ხელოვნურად, მრავალი წლით გაუხანგრძლივა. კოლონიაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ჩვეულებრივ ყოველდღიურ მოვლენად იქცა.
იმ პერიოდში დაწესებულებაში 2000-ზე მეტი პატიმარი იხდიდა სასჯელს, მუშაობდა მაღაზია, რომელსაც მხოლოდ ორი სავაჭრო ფანჯარა ჰქონდა. დღის განმავლობაში მაღაზიით მხოლოდ 200-მდე პატიმარი ახერხებდა სარგებლობას, რადგან ის საღამოს 18 საათამდე მუშაობდა. სავაჭრო ფანჯრების რაოდენობას ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არაქელოვი არ ზრდიდა. ამაში მისი, ჭაკუას და მკურნალიძის ვიწრო მერკანტილური ინტერესი იკვეთებოდა. 18 საათის შემდეგ არაქელოვთან დანაშაულებრივად დაახლოებული პატიმრები სამ და ხუთმაგ ფასებში იწყებდნენ ვაჭრობას: მაგალითად, 2 ლარიან სიგარეტს 10 ლარიან მონო-ბარათში ცვლიდნენ. იყიდებოდა პრაქტიკულად ყველაფერი, პროდუქციის ნაწილი წინასწარ გამოჰქონდათ დაწესებულების მაღაზიიდან, ნაწილი კი გარედან შემოჰქონდათ. 1800-ზე მეტი პატიმარი იძულებული იყო ესარგებლა ამ კაბალური პირობებით. ყოველდღიურად არაქელოვი 2000 ლარზე მეტს შოულობდა მონო-ბარათებით ვაჭრობით. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში ჭაკუას, არაქელოვის და მკურნალიძის ბიზნესი.
ჩვენ ამოგვივიდა ამდენი უსამართლობა ყელში და გადავწყვიტეთ გამოგვეხატა პროტესტი, აღარაფერი გვეყიდა და ჩაგვეშალა ეს უკანონო ბიზნესი. რეაგირება მყისიერი იყო, მკურნალიძემ გაგვაფრთხილა, რომ გამოიყენებდა სანქციებს და ურჩ პატიმრებს „ჭკუას ასწავლიდა“. ასეც მოხდა, პროტესტის ინიციატორებიდან 3 პატიმარი თამაზ რასოიანი, გიორგი ქობულაძე, ისლამ დერბოევი და მათთან ერთად 50-ამდე პატიმარი გადაიყვანეს თბილისის №1 დაწესებულებაში, კოლონიაში კი ხმა გაავრცელა არაქელოვმა, რომ გადაყვანილ პატიმრებს ხანგრძლივი ვადით დაემატათ სასჯელი. თუკი ვინმე მომავალში გაბედავდა პროტესტის გამოხატვას, ისინიც მათ ბედს გაიზიარებდა და რომ ამ საქმეში ჭაკუა და მკურნალიძე არაქელოვის ყველანაირ მოთხოვნას მხარს უჭერდნენ.
ჩვენ გვეგონა ეს ხმები მხოლოდ პატიმართა დაშინების მიზნით ვრცელდებოდა და ჩვენი სამართლიანი პროტესტის გამო პატიმრებს სასჯელს არ დაუმატებდნენ. გავიდა დაახლოებით ერთი წელი, გავიგეთ, რომ თამაზ რასოიანს 11 წელი, ისლამ დერბოევს 16 წელი, ხოლო გიორგი ქობულაძეს 6 წელი დაუმატეს.
სასამართლოზე მოწმეებად ჭაკუამ, მკურნალიძემ და არაქელვმა - გიორგი ბერუაშვილი და ის პატიმრები გამოიყენეს, რომლებიც მათ კორუფციაში იყვნენ ჩართულნი, მათი გამდიდრებისაკენ დაუოკებელმა სურვილმა დაღუპა ახალგაზრდა ბიჭები.
ჩვენ მზად ვართ, დავიკითხოთ ამ და სხვა ამაზრზენი ფაქტების შესახებ და მივცეთ ჩვენება, იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მოხდება“.