სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები, რათა არ დაუშვას სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას შორის დაპირისპირება და რელიგიური შუღლი.
აჭარის რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი ქართველი მუსლიმები სოფელ სამთაწყაროში 1978 წლიდან ცხოვრობენ. ისინი თავიანთ რელიგიურ რიტუალებს წლების მანძილზე ასრულებდნენ და პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა, არ ჰქონდათ სამლოცველო. ადგილობრივი მუსლიმები პატივს სცემენ უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებს და არ ითხოვენ მეჩეთის მშენებლობას. მიმდინარე წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა სამლოცველოსათვის შეიძინა სახლი, რომელსაც არ გააჩნია მეჩეთისათვის დამახასიათებელი ნიშნები (შენობის მდებარეობა სამხრეთით, მინარეთი, გუმბათი, მიკროფონები და ა.შ). ეს სახლი იქნებოდა მათი სამლოცველო კუთხე, სადაც პარასკეობით ლოცვას აღავლენენ. მოსახლეობა სწორედ ამ სახლის შეძენამ დააპირისპირა. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება მუსლიმთა მხრიდან რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას. მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული, სამთაწყაროში მცხოვრებ მართლმადიდებელ და მუსლიმ ქართველებს შორის დაპირისპირება უკვე რამდენჯერმე მოხდა.
სახელმწიფო დეკლარირებულად აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს - მათ შორის რელიგიის თავისუფლებას. რელიგიის ან მრწამსის გამოვლენის თავისუფლება კი არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლება, ის შეიძლება განხორციელდეს კოლექტიურადაც.
რელიგიის თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია არ შემოიფარგლება სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებით სარგებლობაში ჩაურევლობის ვალდებულებით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა. აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ. პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა აუცილებელი ზომის გატარებას, რათა უფლების დარღვევა ან ასეთი დარღვევის საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული და უმოქმედობითა და სამართლებრივად არაადექვატური რეაგირებით არ მოხდეს შეუწყნარებლობისა და ძალადობის წახალისება.
დღეს სოფელ სამთაწყაროში კვლავ უნდა ჩატარდეს პარასკევის ლოცვა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილზე დააკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს სახალხო დამცველი მის ხელთ არსებული საშუალებებით დაიცავს ყველა კონფესიის მიმდევართა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას: „ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება“. რელიგიის თავისუფლება იცავს ინდივიდის უფლებას, იცხოვროს, იმოქმედოს და თავისი საქმიანობა წარმართოს რელიგიის წეს-ჩვეულებათა და საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად. (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი).
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ დაპირისპირების რეალური და კვლავაც მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ყველა სამთავრობო რესურსი იქნება გამოყენებული.