კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა

26 ნოემბერი, 2007

        2007 წლის 6  ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა. კერძოდ, ევროსასამართლომ  საქმეზე „ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ” დააკმაყოფილა საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის დარღვევასთან მიმართებაში, რომელიც გულისხმობს თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას. ფაცურიას საჩივარი ძირითადად უკავშირდებოდა მისთვის წინასწარ პატიმრობის შეფარდების უსაფუძვლობას.  ფაცურიას ინტერესებს ევროსასამართლოში იცავდნენ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატები მანანა კობახიძე და მაკა გიოშვილი.

ევროპის სასამართლომ  განმარტა, რომ განმცხადებლის წინასწარი პატიმრობა 9 თვისა და 12 დღის განმავლობაში  იყო უსაფუძვლო და გაუმართლებელი. საქართველოს შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებები  წინასწარი პატიმრობის შეფარდებისა და შემდგომ გაგრძელების ეტაპზე იყო დაუსაბუთებელი და ეყრდნობოდა მხოლოდ პროკურატურის მიერ გამოთქმულ ეჭვებს ბრალდებულის მიმალვის საფრთხისა და მტკიცებულებათა განადგურების საშიშროების თაობაზე, რომელიც არ იყო გამყარებული რაიმე მტკიცებულებებით.

საქართველოს სასამართლოების მიერ პირის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით ხელმძღვანელობა ევროპის სასამართლომ მიიჩნია ევროკონვენციის მე-5 მუხლით დაცული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების  დარღვევად და საქართველოს სახელმწიფოს, განმცხადებლისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, მთლიანობაში 3670 ევროს გადახდა დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ ფაცურიას საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არის ევროსასამართლოს პირველი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში სასამართლო ხელისუფლების მიერ  განხორციელებულ   დარღვევებს.

ნიშანდობლივია,  რომ პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისას, ქვეყნის შიდა სასამართლოები ეყრდნობიან მხოლოდ  კანონში მითითებულ ფორმალურ საფუძველს, კერძოდ კი იმას, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, არსებობს მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის   საფრთხე. მოსამართლეებს პირდაპირ გადმოაქვთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის   აღნიშნული ფორმულირება ყოველგვარი დასაბუთებისა და სათანადო მტკიცებულებების არსებობის  გარეშე,  ავტომატურად აკმაყოფილებენ პროკურატურის შუამდგომლობებს დაპატიმრების გამოყენებასთან დაკავშირებით. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თავის განაჩენში გამოიყენა  მთელი რიგი პრეცედენტებისა, სადაც ასევე დარღვეულად იქნა მიჩნეული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, იმ შემთხვევაში, თუკი  ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა იყო  არამოტივირებული, დაუსაბუთებელი და  უსაფუძვლო. უდავოა, რომ დღეისათვის ასეულობით ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდება ხდება სწორედ მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით, დაუსაბუთებლად და უმოტივოდ, რაც პირდაპირ იწვევს კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევას.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იმედოვნებს, რომ ადგილობრივი სასამართლოები მხედველობაში მიიღებენ ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას არ დაეყრდნობიან კანონში მითითებულ მხოლოდ ფორმალურ საფუძველს, ავტომატურად არ დააკმაყოფილებენ პროკურატურის მოთხოვნებს და ამით მომავალში თავიდან ააცილებენ ქვეყანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგებულ საქმეებსა და სოლიდურ ჯარიმებს.  

ცნობისათვის, გია ფაცურია გახლდათ სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორი და  დაპატიმრებულ იქნა 2004 წლის მაისში  თაღლითობის მცდელობისთვის. ამჟამად იგი სასჯელს იხდის რუსთავის #1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში. იგი პროფესიით არის ჟურნალისტი და ციხის პირობებშიც ეწევა აქტიურ საქმიანობას -  წერს პუბლიცისტურ წერილებს. 10 დღის წინ, 12 ნოემბერს მან კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგო. პატიმრობის შესახებ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც პატიმარს უფლება აქვს ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას იგი ციხეში კომპიუტერისა და პრინტერის შეტანის ნებართვას ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა უზრუნველყოს პატიმარი საბეჭდი საშუალებით.

 

ახალი ამბები