თბილისი. 30.12.07. მედიანიუსი. პარტია "ახალი მემარჯვენეები" ტელეკომპანია "მზეს", "რუსთავი-2"-ს, "ალანიას" და საზოგადოებრივ მაუწყებელს საარჩევნო და სარეკლამო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს.
პარტიის წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "პრაიმთაიმის" ჩანაწერი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იყო მიწვეული, მეორე დღეს თითქმის ყველა ტელეკომპანიამ გაიმეორა, რაც კანონის დარღვევაა. მისივე თქმით, თუ ეს იყო ფასიანი რეკლამა, ამ შემთხვევაშიც ეს ქმედება არასამართლიანია, რადგან არ შეიძლება ერთ კანდიდატს საეთერო დრო დაახლოებით 64 წუთის მანძილზე დაეთმოს. "მივმართავ ამ ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს, 17 დეკემბრის "პრაიმთაიმსის" მეორე ნაწილი, სადაც მიწვეული იყო პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე, ზუსტად იმ ფორმატში იყოს გაშვებული ტელე-არხებით, როგორც ეს მოხდა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში. ჩვენ ამას მოვითხოვთ კანონის საფუძველზე", - განაცხადა კაციტაძემ.