კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებს შორის დაწყებული დავა 2 000 ლარიანი ჯარიმით დასრულდა

25 იანვარი, 2008

22 იანვარს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამეგრელო-ზემო-სვანეთის ყოველთვიურ ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქციას 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აფშილავამ გუბერნატორის პრესცენტრის ხელმძღვანელის, ლალი გელენავას სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე, ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქტორის, ილია ჩაჩიბაიასაგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვდა.

ილია ჩაჩიბაია, რომელიც სასამართლო პროცესზე ადვოკატის გარეშე მივიდა, აცხადებს, რომ იგი არაობიექტურად ჩატარდა. „სასამართლო გადაწყვეტილება თავიდანვე დაწერილი იყო გუბერნატორისა და საოლქო პროკურორის სამუშაო კაბინეტებში, მოსამართლემ კი იგი უბრალოდ წაიკითხა. ირაკლი აფშილავა არის მარიონეტი, რომელიც ზაზა გოროზიას, როლანდ ახალაიას, გრიშა და ალექსანდრე ქობალიების დაკვეთას ასრულებს“.

ილია ჩაჩიბაია დაკისრებული თანხისა და სახელმწიფო ბაჟის, 165 ლარის გადახდასაც არ აპირებს. იგი ამბობს, რომ ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქციას ამ რაოდენობის თანხის გადახდა არ შეუძლია, თუმცა ჩაჩიბაია გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მაინც გეგმავს. მანამადე კი რედაქტორი საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს, რადგან ჟურნალ „ღია ბოქლომის“ ჟურნალისტებს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ხელისუფლება დიდი ხანია უზღუდავს. ილია ჩაჩიბაია ჟურნალისტების მიმართ დევნაში შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტისა და გუბერნატორის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.

ლალი გელენავას საჩივარი ჟურნალ „ღია ბოქლომში“ გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება, რომლის სათაურია „საქმე გასკდა - ლალი გელენავამ გუბერნია გაქურდა! სად ინახავს დაქვეითებული პრესცენტრის უფროსი ნაქურდალს?“

ლალი გელენავა: „სასამართლოში საჩივარი ღირსების შელახვისათვის შევიტანე. სტატიაში მოყვანილი ქურდობის ფაქტები რეალურია, მაგრამ მასთან მე არანაირი კავშირი არა მაქვს. საუბარია დაკარგულ ვიდეოკამერაზე, კომპიუტერზე და ფოტოაპარატზე, რომელიც სხვადასხვა დროს დაიკარგა. ამ ფაქტებზე ს.ს. საქმეებია აღძრული... სტატიის გამო მე, როგორც ადამიანი, როგორც ქალი და დედა, სასტიკად შეურაცხყოფილი ვარ. რაც შეეხება 2 000 ლარს, მე მას სენაკის ბავშვთა სახლს გადავურიცხავ“.

ილია ჩაჩიბაიასა და ლალი გელენავას შორის დაპირისპირება 2006 წლის 5 დეკემბერს გუბერნატორის კაბინეტიდან დაიწყო, სადაც პრესცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ზაზა გოროზიას დაცვის უფროსმა დიმიტრი მარკოიძემ მაშინ, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ჟურნალისტი დაამწყვდია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჩაჩიბაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო წინასწარი გამოძიება დაიწყო, თუმცა გარკვეული მიზეზებით მალევე შეჩერდა. ამ ინციდენტიდან ორ კვირაში ილია ჩაჩიბაია გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე საათით გაიტაცეს, დააშინეს და ქალაქგარეთ დატოვეს. ცოტა ხნის წინ კი გუბერნატორის დაცვის უფროსმა ილია ჩაჩიბაია რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ზაზა გოროზიას თანდასწრებით სასტიკად სცემა. შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

ახალი ამბები