კომპანია "ენერგოპრო ჯორჯიას" პროკურატურაში უჩივლეს
5 თებერვალი, 2008
პარტია "მომავალი საქართველო" კომპანია "ენერგოპრო ჯორჯიას" უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერმა გიორგი ლაღიძემ დღეს გენერალურ პროკურატურაში შეიტანა საჩივარი, რომელშიც გენპროკურორ ეკატერინე ტყეშელაშვილისგან კომპანიის საქმიანობის შესწავლას და სათანადო რეაგირებას ითხოვს.
როგორც გიორგი ლაღიძემ "მედიანიუსს" განუცხადა, "ენერგოპრო ჯორჯია' კახეთის გარდა, ყველა რეგიონს ამარაგებს ელექტროენერგიით. პარტიაში ამ რეგიონებიდან არაერთი საჩივარი შევიდა, სადაც მოქალაქეები "ენერგოპრო ჯორჯიას" რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურზე მეტი გადასახადის დარიცხვაში ადანაშაულებენ.
"მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მრიცხველებზე გაცილებით ნაკლები თანხაა დარიცხული, ვიდრე მათ "ენერგოპრო ჯორჯიას" წარმომადგენლები ახდევინებენ. ეს კი, ფულის გამოძალვაა. ამასთან, კომპანიის ქვითრებზე არ არის ასახული მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის რაოდენობა, რაც ასევე კანონის უხეში დარღვევაა. მოქალაქეების განცხადებითვე, "ენერგოპრო ჯორჯიას" თანამშრომლები, ხშირ შემთხვევაში, გადასახადების შეგროვებას კონკრეტულ მოქალაქეებს ავალებენ, რაც გაუმართლებელია", - აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობა ზედმეტი გადასახადის გადახდაზე უარი იტყვის, კომპანია მათ ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტს.
როგორც "მედიანიუსს" "ენერგოპრო ჯორჯიაში" განუცხადეს, კომპანია არაკანონიერ საქმანობას არასოდეს ეწეოდა და, როგორც წესი, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილ იურიდიულ ნორმებს იცავდა. "აღნიშნულ საჩივარზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია, ვიდრე პარტიის ბრალდებებს დეტალურად არ გავეცნობით. თუმცა, ზოგადად იმის თქმა შეიძლება, რომ კომპანიისადმი მსგავსი ბრალდების წაყენება აბსურდულია', - აცხადებენ "ენერგოპრო ჯორჯიაში".
წყარო: მედიანიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023