ჟურნალისტის მობილურ ტელეფონზე მუქარა 2008 წლის 3 თებერვალს, ღამით განხორციელდა. „თავს მოგაჭრი, პარკში ჩავდებ და შენს ოჯახს გავუგზავნი. დედას მოგ... გაჩერდი. მუშაობას თავი დაანებე, თორემ მოგკლავთ. ბიჭო, შენ იცი, ვის გვიმეტებ? ხომ იცი, რომ ჩვენთვის პრობლემა არ არის, შუბლი გაგიხვრიტოთ? საბარგულში ჩაგტენით და შენს გვამს ნადირს შევაჭმევთ. ვერც კი დაგიტირებენ“, - ასე დაემუქრა უცნობი მთივლიშვილს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შს გურჯაანის სამმართველომ დაიწყო. პროკურატურისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობაც, რომელიც ჟურნალისტს დაემუქრა. თბილისში მცხოვრები გრიგორიანი, გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტს ნამდვილად დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ოღონდ მუქარას უარყოფს.
„გრიგორიანმა გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა, რითაც პროკურატურა არ დაინტერესებულა. ვფიქრობ, ის სხვისი დავალებით დამემუქრა, რომელიც, სანდო წყაროს ცნობით, თანამდებობის პირია. პროკურატურა ამიტომ არ ცნობს გრიგორიანს ეჭვმიტანილად, თორემ საქმეში ამის სამართლებრივი საფუძვლები არის“, - აღნიშნავს მთივლიშვილი.
იმ შემთხვევაში თუ სასწრაფოდ არ გაირკვა, ვისი მითითებითა და დავალებით დაემუქრნენ ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით და დამნაშავეები არ დაისაჯნენ, მთივლიშვილი, პროტესტის ნიშნად, გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, მასზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა. იყო მკვლელობის მცდელობაც. თუმცა ყველა ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“