კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის მცდელობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

3 ივნისი, 2008

სახალხო დამცველი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორისა და სენაკის შს სამმართველოს უფროსისგან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის მცდელობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, რათა არ ჩასულიყვნენ თბილისში და მონაწილეობა არ მიეღოთ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს რადიო "იმედისა" და რადიო "მწვანე ტალღის" ჟურნალისტებს ნანა ფაჟავასა და იოსებ ხოფერიას. ჟურნალისტების განმარტებით, "გაერთიანებული ოპოზიცია - ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების" საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია "თავისუფლების“ წევრებს ტელეფონით, უკავშირდებოდნენ უცნობი პირები და საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებდნენ. იგივე ტელეფონის ნომრიდან უცნობმა პირმა სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა იოსებ ხოფერიასაც. მიუხედავად მუქარისა, პარტია "თავისუფლების" წევრები თბილისისკენ გაემგზავრნენ, მათ ჟურნალისტებიც გაყვნენ.  ჟურნალისტების განცხადებით ზუგდიდში მათზე მუდმივად მიმდინარეობდა თვალთვალი.

სოფელ თეკლათთან, მიკროავტობუსს, რომელშიც აქციაზე დასწრების მსურველები იყვნენ, თავს დაესხა შავ ტანსაცმელში ჩაცმული, ოთხი ნიღბიანი პირი. მათ ავტომატის კონდახით ჩაამსხვრიეს მიკროავტობუსის მარჯვენა საქარე მინები. მიკროავტობუსმა მაინც განაგრძო გზა და შემთხვევიდან 700 მეტრში მდებარე სენაკის საპატრულო პოლიციის შენობას მიადგა. თავდამსხმელების ავტომანქანა მათ უკან მისდევდა. მიკროავტობუსის მგზავრებმა პოლიციის თანამშრომლებს ავტომანქანის გაჩერება და მასში მყოფი პირების დაკავება მოსთხოვეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ ავტომანქანას, თუმცა ხუთი წუთში უკან დაბრუნდნენ და განაცხადეს, რომ თავდამსხმელთა დაკავება ვერ მოახერხეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თავდამსხმელთა ქმედებაში იკვეთება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები _ სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. ამასთან, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ, რომლებიც აღნიშნული ქმედებამდე სამსახურებრივი ავტომანქანებით უთვალთვალებდნენ დედაქალაქში მიმავალ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს.  სატელეფონო ზარების მეშვეობით ახდენდნენ მათზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, თავი შეეკავებინათ თბილისში გამგზავრებისაგან.

თავდამსხმელები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ, პარტია ,,თავისუფლების“ ზუგდიდელი აქტივისტებისათვის, მონაწილეობა მიეღოთ თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში. სახელმწიფო მოვალეა არა მხოლოდ თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლების დარღვევისაგან, არამედ გაატაროს პოზიტიური ღონისძიებები, რათა დაიცვას შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება ამგვარი ფიზიკური ძალადობის საფრთხისაგან. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა დაარღვიეს პარტია ,,თავისუფლების“ აქტივისტთა შეკრების თავისუფლება, რაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან მოითხოვს ქმედების დამატებით კვალიფიკაციას სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

თვალში საცემია სენაკის საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა გულგრილობა. მათ დროულად არ მოახდინეს რეაგირება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, რითიც ხელი შეეშალა დაზარალებულთა მიერ მითითებული დანაშაულის ჩამდენი პირების "ცხელ კვალზე" დაკავება.

სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებული მასალები, (მათ შორის ტელეფონის ნომერი, რომლითაც ხდებოდა პარტიის წევრების დაშინება, ავტომანქანის ნომრები, რომლითაც ზუგდიდში თვალთვალს ახორციელებდნენ ჟურნალისტებზე და იმ ავტომანქანის ნომრები, რომლითაც ნიღბიანები თავს დაესხნენ მიკროავტობუსის მგზავრებს), შესწავლისა და რეაგირებისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სენაკის შს სამმართველოს უფროსს ვარლამ ჭაჭუას გადაუგზავნა.

სახალხო დამცველი სამეგრელოდან ინფორმაციას ელოდება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები