კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ერთი კენჭი სამშობლო”

15 ივლისი, 2008

ქალაქ ახალციხეში მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის - "ერთი კენჭი სამშობლოს” პრეზენტაცია გაიმართა.

მესხეთიდან გასახლებულმა მაჰმადიანმა ქართველმა სამშობლოდან წაღებული ლოგინის მატყლში კენჭი აღმოაჩინა... საქართველოდან გაჰყოლოდა.

"მამამ ცრემლიან თვალებთან მიიტანა კენჭი და ქუთუთოებზე გადაისვა. მერე მეზობლებში ხმა გავარდა, რომ ერთი კენჭი სამშობლო ვიპოვეთ. მორიდებულად გვთხოვდნენ, ერთი დღით გვათხოვეთ, რომ მთელი ოჯახი შეეხოსო. ნაპოვნი კენჭი შინ დაბრუნებას ვერ ასწრებდა, ისე გადადიოდა ხელიდან ხელში", - იხსნებს შვილი.
 
ამგვარი მოგონებებითაა სავსე ნაზირა ვაჩნაძის წიგნი, რომელიც სხვა ჩანაწერებთან და დოკუმენტებთან ერთად ფილმის სცენარზე მუშაობისას გამოიყენა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტის” თავმჯდომარემ ცირა მესხიშვილმა. 
 
ფილმი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - "მესხ რეპატრიანტთა უფლებების დაცვა-ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში”-  ფარგლებში მომზადდა.

"ბევრი ფილმია გადაღებული იმაზე, რას ფიქრობს ხალხი მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით. ეს ფილმი, ცრემლისმომგვრელი ისტორიებით, კარგად აჩვენებს, როგორ ლღვება ყინული რეპატრიანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის", - განაცხადა ცირა მესხიშვილმა. 

ფილმში მოთხრობილია არაერთი მაჰმადიანი მესხის დაბრუნების ისტორია. ის, თუ რას უამბობდნენ მათ სამშობლოზე გადასახლებაში ყოფნისას თავიანთი მშობლები და წინაპრები.

"თავიდან ხალხი მტერს გვეძახდა, თუმცა თანდათან დამოკიდებულება შეიცვალა", - ამბობს მამუკა ხუციშვილი, რომელიც 11 წელია რაც სამშობლოში დაბრუნდა და ახალციხეში ცხოვრობს.

ფილმის დასასრულს ასოციაცია "ტოლერანტთან” არსებულმა რეპატრიანტ ბავშვთა ანსამბლმა `ფესვებმა” ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.

ცირა მესხიშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტური ფილმი - "ერთი კენჭი სამშობლო” გაგზავნილია ერევანში საერთაშორისო  ფესტივალზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის თემას ეხება. ფესტივალი ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება.

გულო კოხოძე, ახალციხე


ახალი ამბები