თბილისი.14.08.08.მედიანიუსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოს გორისა და ნიქოზის ეპარქიის მოსახლეობასთან დაკავშირებაში დახმარება სთხოვა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, იგი დაუკავშირდა მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოს, რათა დაეხმარონ გორისა და ნიქოზის ეპარქიის მოსახლეობასთან დაკავშირებაში. ასევე ითხოვა, პირადად მას მიეცეს საშუალება შევიდეს გორში და ნიქოზში და იქედან დაჭრილი და დაღუპული გმირი მებრძოლები გამოიყვანოს.
როგორც მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოში უწმინდესს განუცხადეს, მათ დღემდე არ მიუღიათ წერილი, რომლითაც ახლახან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერს მიმართა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ წერილი კვლავ გააგზავნა.
ილია II-მ მრევლს კვლავ მოუწოდა გაძლიერებული ლოცვებისკენ. კერძოდ, ხშირად იკითხონ 50-ე ფსალმუნი, რომელიც სინანულის გამომხატველია და 90-ე, რომელიც იცავს ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან.
"არ გაგიტყდეთ გული, არ შეშინდეთ, ამაზე მძიმე დღეები უნახავს საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.